საგამოძიებო სამსახური

საგამოძიებო: გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს 5000 დოლარად ქვეყნის დატოვების უფლება მისცეს

კასპერ პემპელი / REUTERS

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ზეგავლენით ვაჭრობისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სამი პირი დააკავეს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულები დაუკავშირდნენ პირობითი გამოსაცდელი ვადის ქვეშ მყოფ პირს, რომელსაც ჰქონდა შეზღუდვა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებით და დაარწმუნეს, რომ შესაბამისი თანხის გადახდის შემთხვევაში, შეეძლოთ არამართლზომიერი ზეგავლენის მოხდენა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის პატრულ-ინსპექტორზე, რომელიც თავის მხრივ, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელებისას, მისცემდა შესაძლებლობას პირს შეუფერხებლად გადაეკვეთა სახელმწიფო საზღვარი" - აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

უწყების ცნობით, ბრალდებულებმა მოქალაქეს გამოართვეს  5 000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ამ უკანასკნელმა, "პატრულ-ინსპექტორის მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების შედეგად", უკანონოდ გადაკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე პრიმა მუხლის მე-2 და 332-ე მუხლის პირველი ნაწილებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 3-დან 5 წლამდე ვადით.

კომენტარები