საგამოძიებო სამსახური

სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო – საგამოძიებო

საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ამის შესახებ განცხადებას სპეციალური საგამოძიებო სამსახური ავრცელებს

"სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, 2024 წლის 8 აპრილს, საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მხრიდან მოქალაქე მალხაზ გიორგაძის დაკავებისას განხორციელებული სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით შესაძლო გადამეტების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით გამოძიება დაიწყო

სპეციალური საგამოძიებო სამსახური ატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას ობიექტური გამოძიების უზრუნველსაყოფად".- წერია განცხადებაში. 

მომხდართად დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს შინაგან საქმეთა სამინისტროც, რომელიც განმარტავს 8 აპრილს მომხდარ მოვლენას. 

"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს განვმარტოთ, რომ მიმდინარე წლის
8 აპრილს, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები ასრულებდნენ
სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც გზის სავალი ნაწილის გვერდულზე
შენიშნეს ავტომობილი, რომლის მძღოლმაც პოლიციის ეკიპაჟის დანახვისას დაძრა
ავტომობილი, შეეჯახა სავალი ნაწილის გვერდულს და სცადა მიმალვა.

პატრულ-ინსპექტორებმა არაერთხელ მოუწოდეს ავტომობილის მძღოლს დამორჩილებოდა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას. მიუხედავად პოლიციის მხრიდან გაკეთებული არაერთი მოწოდებისა, რომ აღნიშნულ პიროვნებას შეენარჩუნებინა სიმშვიდე, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი მძღოლი იქცეოდა აგრესიულად.

მანქანიდან გადმოსვლის შემდეგ, ცივი იარაღის დემონსტრირებით, პატრულ ინსპექტორებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. ასევე, მან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილზე მყოფ ერთ-ერთ პოლიციელს.

აღნიშნული პირი, რომელიც სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის არაერთხელაა
ნასამართლევი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ იქნა დაკავებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლით მიმდინარეობს".- წერს შსს

კომენტარები