საგამოძიებო სამსახური

ვადაგასული შოკოლადი შემოჰქონდათ, სტიკერებს აკრავდნენ და ყიდდნენ – დაკავებულია 2 ადამიანი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, 2 ადამიანს ქვეყანაში უცხოური წარმოების ვადაგასული შოკოლადი შემოჰქონდა, ახალი ვადის აღმნიშვნელ სტიკერებს აკრავდა და ყიდდა.  

განცხადების მიხედვით, ამოღებული ვადაგასული შოკოლადი ადამიანის ჯანმრთელობისთვის საშიშ მიკროორგანიზმებს შეიცავდა. 

ასევე, უწყების ცნობით, დაადგინეს, რომ ბრალდებულებმა, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის გზით, საბაჟო-გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს ტერიტორიაზე სატვირთო ავტომანქანით გადმოიტანეს, დაახლოებით, 85 000 ლარის არადეკლარირებული, სხვადასხვა დასახელების საკვები პროდუქტი, რომელიც გამოძიებამ ასევე ამოიღო.  

ორივე მათგანი ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის რეალიზაციისა და ჯგუფურად, საბაჟო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანის, ასევე, საქართველოს საბაჟო საზღვარზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით არადეკლარირებული მოძრავი ნივთის გადმოტანის ფაქტებზე პასუხისგებაში მისცეს. ქმედება გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 198-ე და 214-ე მუხლებით, რაც სასჯელის სახით 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

კომენტარები