ევროპული საქართველო

ბოკერია თალაკვაძის მოწოდებაზე: დიალოგი მათ შეწყვიტეს პროპორციულის დაპირების უკან წაღებით

იმედი

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, ნათქვამს გამოეხმაურა, რომელმაც ოპოზიციას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

ბოკერია ამბობს, რომ დიალოგი და დისკუსია საზოგადოებასთან და, მათ შორის, ოპოზიციასთან თვითონ ქართულმა ოცნებამ შეწყვიტა მაშინ, როდესაც პროპორციული საარჩევნო სისტემის დაპირება უკან წაიღეს. 

დეპუტატი ამბობს, რომ დიალოგისას სიტყვებს მნიშვნელობა უნდა ჰქონდეს. 

"შეიძლება, ვერ იტანდე პოლიტიკურად ერთმანეთს, მაგრამ რაღაც საბაზისო წესი უნდა არსებობდეს,"-თქვა ბოკერიამ.

დეპუტატის თქმით, ქართული ოცნება ახლა თვითონ უნდა დაუბრუნდეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის საკითხს, რითიც ისინი დიალოგის აღდგენას შეძლებენ. ბოკერია განმარტავს, რომ მართალია, ამით ვითარება არ განიმუხტება, მაგრამ ეს პირველი ნაბიჯი იქნება ვითარების ნორმალიზაციისკენ. 

"დაუბრუნდნენ ამ საკითხს, მიიღონ პროპორციული არჩევნების ის მოდელი, რაც არის და ჩვენ ბევრი სხვა საკითხი გვაქვს საპრეტენზიო. ჩვენ კი არა, მთელ ქვეყანას,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ევროპულმა საქართველომ და ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ საპარლამენტო ბოიკოტი მას შემდეგ გამოაცხადეს, რაც ქართულმა ოცნებამ დადებული პირობა არ შეასრულა და 2020 წელს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდო. 

საპარლამენტო ბოიკოტი აქვს გამოცხადებული პატრიოტთა ალიანსსაც, თუმცა მათი მოთხოვნა ხელისუფლებისადმი ისაა, რომ მათ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის მაღალჩინოსნები უნდა დააკავონ. 

შესაბამისად, საპარლამენტო სესიას დღეს მხოლოდ ქართული ოცნების მოქმედი და ყოფილი წევრები ესწრებოდნენ. 

ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ პირობის არშესრულებას სრულად ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება სამი მთავარი მოთხოვნის ირგვლივ გაერთიანდა - დროებითმა მთავრობამ ჩაატაროს ვადამდელი არჩევნები ე.წ გერმანული საარჩევნო სისტემით. 

ოპოზიცია ამ მიზნის მიღწევას წერტილოვანი დარტყმებითა და აქციებით ცდილობს. 17 და 25 ნოემბერს აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შესასვლელების პიკეტირება შეძლეს, რადგან იქ ქართული ოცნების დეპუტატები არ შესულიყვნენ, თუმცა ორივე შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმმა ისინი წყლის ჭავლებით დაარბია. პირველი შემთხვევის დროს 37 ადამიანი დააკავეს, მეორედ - 28. 

კომენტარები