აშშ-საქართველო

ბაქრაძე: აშშ-ში წინააღმდეგობრივი გზავნილები ჩადის, თუმცა, იღებენ ინფორმაციას ჩვენგანაც

http://greece.mfa.gov.ge/

"გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა, ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან" - ასე შეაფასა აშშ-ში საქართველოს ელჩმა, დავით ბაქრაძემ, ამერიკელი კონგრესმენების წერილი. გიორგი გახარიასთვის გამოგზავნილ წერილში კონგრესმენები იმედოვნებენ, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ დაუბრუნდება მოლაპარაკებებს და მიიღებს საარჩევნო რეფორმას.

"ამერიკის შეერთებულ შტატებთან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არის მტკიცე, როგორც არასდროს, ჩვენი ურთიერთობების ტრაექტორია არის აღმავალი, ის ხასიათდება ძალიან მტკიცე ორპარტიული მხარდაჭერით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციასთან, ამ მჭიდრო ურთიერთობის გამოხატულებაა ის უპრეცედენტო შედეგები, რომელიც გვქონდა გასული წლის განმავლობაში. ეს გამოიხატება როგორც საქართველოს მხარდამჭერი აქტით, ასევე ამერიკის კონგრესის სხვა გადაწყვეტილებებში, სადაც განსაკუთრებული ადგილი ეკავა საქართველოს. ეს გამოიხატა გაზრდილ ინვესტიციებში, როგორც კერძო კომპანიებიდან, ისე სახელმწიფოს შესაბამისი კორპორაციებიდან, ჩვენ ყოველთვის ძალიან დიდი ყურადღებით ვუსმენთ ჩვენს მეგობრებს, ჩვენს პარტიორებს, გვაქვს ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა მათთან. გასაგებია, რომ წინააღმდეგობრივი, განსხვავებული გზავნილები ჩადის, თუმცა, ჩვენი პარტნიორები ყოველთვის იღებენ ობიექტურ ინფორმაციას ჩვენგან, აქედან გამოდინარე. ეს ურთიერთობები, ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება და ძალიან ოპტიმისტურად ვუყურებ მომავალ თანამშრომლობას" - ამბობს ბაქრაძე.

აშშ-ის კონგრესის რესპუბლიკელმა წევრმა და საქართველოს თანამშრომლობის ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ადამ კინზინგერმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით პრემიერ გიორგი გახარიას წერილით 16 დეკემბერს მიმართა. წერილის თანაავტორი კიდევ ერთი კონგრესმენი, ჯერი კონოლია. გახარიასთვის გაგზავნილ წერილში კონგრესმენები საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურებიან და გამოთქვამენ იმედს, რომ საქართველოს ხელისუფლება დაუყოვნებლივ მიიღებს პროპორციულ საარჩევნო სისტემას. 

კონგრესმენები გახარიას, საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციებთან დაკავშირებითაც მიმართავენ. მათი თქმით, ქართველებს სურთ მთავრობა, რომელიც უფრო მჭიდრო კავშირში იქნება დასავლეთთან. კინზინგერი და კონოლი ამბობენ, რომ თავზარდამცემია საქართველოდან გავრცელებული ახალი ამბები, მთავრობის მიერ სანქცირებული ძალადობის შედეგად, დემონსტრანტების, პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების დაშავების შესახებ.

კომენტარები