თბილისის მერია

პარლამენტის წინ, საიდანაც მერიამ კარვები ძალით აიღო, საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებენ

Zaza Abashidze

პარლამენტის წინ, საიდანაც მერიამ კარვები ძალით აიღო, საბავშვო ატრაქციონებს ამონტაჟებენ. ჟურნალისტების კითხვას, ვინ არის მათი დამკვეთი, ადამიანები, ვინც სათამაშო თვითმფრინავები და ხეები მიიტანეს, პასუხს არ იძლევიან. 

რამდენიმე საათის წინ, თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურმა პარლამენტთან განთავსებული კარვები და საპროტესტო ატრიბუტიკა - დროშები, გიორგი გახარიას ბიუსტი და ბანერები ნაგვის მანქანებით გაიტანა. მათ ასევე აიღეს პანკისის სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის გაშლილი კარავი. მას ნახევარი საათი მისცეს, რომ ნივთები ტერიტორიიდან გაიტანოს.

თბილსერვის ჯგუფის ბოლო მანქანაზე ევროპული საქართველოს დეპუტატი ელენე ხოშტარია ავიდა და ცდილობდა, მანქანისთვის დაძვრის საშუალება არ მიეცა. საბოლოოდ, თბილსერვის ჯგუფის წარმომადგენლებმა დეპუტატი მანქანიდან ჩამოსვეს და ტერიტორია დატოვეს. ელენე ხოშტარიას შეფასებით, მხდალი ადამიანები ქურდბაცაცულად მოიქცნენ. 

"მე კანონი მეუბნება, რომ აქ ბანერი შეიძლება იდგეს და მე მინდა, რომ იდგეს. ადამიანებს უნდათ, რომ იდგეს. ახლა იციან, რომ აქტიური პერიოდი არ არის, ახალი წელია და ამიტომ, ჩუმად მიაქვთ. თავის ხელით მოაბრძანებენ" - ამბობს ხოშტარია.

ადგილზე სამოქალაქო მოძრაობა სირცხვილია იკრიბება.

კომენტარები