თეა წულუკიანი

წულუკიანი: წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება სანქციებით

POS TV

იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი მიიჩნევს, რომ "თავმოყვარე ერი საქართველოს პრეზიდენტის ევროსაბჭოში შინაარსით ძალიან დატვირთულ გამოსვლას ობიექტურად შეაფასებდა".

წულუკიანის შეფასებით, სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომ ხელისუფლება დაარღვევს ოკუპაციის შესახებ კანონს და ევროსაბჭოს მინისტერიალზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს და სხვა დელეგატებს ქვეყანაში შემოუშვებს, ამ საკითხის შესახებ დასმულ კითხვაზე ერთადერთი სწორი პასუხი იყო, ვინაიდან რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის არშემოშვება საქართველოში სანქციებით დასრულდება.

"ჩვენ ყოველთვის არ გვქონია ფუფუნება, გვყოლოდა პრეზიდენტი და ვყოფილიყავით დამოუკიდებელი სახელმწიფო.

მე ვიცი ერთი, რომ თავად ევროსაბჭო, თითოეული ადამიანი, იქნება ეს პოლიტიკოსი თუ საჰარო მოხელე, ჩვენი პრეზიდენტის იქ ვიზიტს ძალიან წარმატებულად და დადებითად აცხადებს.

რა თქმა უნდა, თითოეულის უფლებაა, განსაკუთრებით კი უპასუხისმგებლო ოპოზიციის, რომ ჩვენი წარმატება დააკნინოს ან პიროვნულად საქართველოს პრეზიდენტს მიაყენოს შეურაცხყოფა, მაგრამ კარგი იქნება, თუ ჩვენ ობიექტურად შევაფასებთ ამას და ვიტყვით, რომ ეს ვიზიტი იყო წარმატებული.

რუსი დელეგატების შემოშვების შესახებ კითხვაზე საქართველოს პრეზიდენტს შეიძლება ჰქონოდა ის ერთადერთი პასუხი, რომელიც გასცა. კერძოდ, ევროსაბჭოს სტატუტით და შეთანხმება იმუნიტეტის შესახებ, რომლის ხელმომწერები ვართ სწორედ იმ პერიოდიდან, როცა ბატონმა ჟვანიამ სწორედ იმ ტრიბუნიდან თქვა ის ცნობილი ფრაზა, რომელიც ყველას გვახსოვს - რომელიმე წევრი ქვეყნის დელეგაციის საქართველოში არშემოშვება დამთავრდება საქართველოსთვის სანქციებით. ეს სანქციები უნდა ოპოზიციას, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში დაედოს სახელმწიფოს', - თქვა წულუკიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

იურისტის განმარტება ოკუპაციის შესახებ კანონის და მთავრობის დისკრეციის შესახებ წაიკითხეთ აქ.

__________________________________________________________________________________________

28 იანვარს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სიტყვით მიმართა. ზურაბიშვლმა 50 წუთის განმავლობაში ისაუბრა და კითხვებისთვის 10 წუთი დაიტოვს, რის შემდეგაც ბრიტანელმა დეპუტატმა, სერ ედვარდ ლიმ დროის უკმარისობის გამო უკმაყოფილება გამოთქვა და ევროსაბჭოს პრეზიდენტს სთხოვა, შემდეგი გამომსვლელებისთვის მოეწოდებინა, მათი სიტყვა 15-20 წუთს გაგრძელებულიყო, რათა პარლამენტარებს შეკითხვების დასმა მოესწროთ.

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ვიზიტისას, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებთან დაკავშირებულ კითხვაზე პასუხს თავი აარიდა.

ერთ-ერთი დეპუტატის, რუსი პარლამენტარის კითხვის პასუხად ზურაბიშვილმა თქვა, რომ საქართველო "გვერდს აუვლის თავის კანონმდებლობას" და მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

სალომე ზურაბიშვილმა ევროსაბჭოში სიტყვით გამოსვლისას 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შესახებ საუბრისას ტყუილიც თქვა - პრეზიდენტმა განაცხადა, რომ "მას შემდეგ, რაც [სერგეი] გავრილოვი საქართველოდან გაფრინდა, პარლამენტის თავმჯდომარემ კი მომხდარ ინციდენტზე პასუხისმგებლობა აიღო და გადადგა, მეორე ეტაპი, მეორე ფაზა დაიწყო, როდესაც პარლამენტს საფრთხე დაემუქრა".

ასევე, ბიძინა ივანიშვილი საქართველოს პრეზიდენტად მოიხსენია.

კომენტარები