აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი

კაპანაძე: ჯანმრთელობა გამინახევრდა, მაგრამ შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, თავისუფლების გარდა

ტვ პირველი

აჭარის ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, რომელიც სამეურვეო საბჭომ გადააყენა, ამბობს, რომ იმ პერიოდში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, თუმცა მან წინასწარ იცოდა, რომ ამ პროცესში შეეძლო დაეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა.

ნათია კაპანაძემ ტელეკომპანია პირველის აღნიშნა, რომ სმენის პრობლემები შეექმნა და ხმის გამაძლიერებელს იყენებს. მისი თქმით, ყოველთვის ჰქონდა შეგრძნება, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივ მაუწყებელში "მოგვიყოლებდა და გაგვსრესდა".

მან საზოგადოებას, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლებსა და ხელისუფლებას, ასევე, ბიძინა ივანიშვილს მიმართა.

"მინდა ვუთხრა ჩვენს ხელისუფლებას, რომ ჩვენ არ გვეშინია და ხშირ შემთხვევაში ეს ყველაფერი დგას ჩვენს ჯანმრთელობაზე. მე ძალიან ვწუხვარ, რომ თქვენს ეთერში მიწევს ამის გაკეთება [იხსნის ხმის გამაძლიერებელს]. სამწუხაროდ, ახლა მე თქვენი ხმა არ მესმის. მინდა ვუთხრა ხელისუფლებას, რომ ასევე ჩემს ჯანმრთელობაზე დადგა მთელი ის პროცესი, რომელიც მიდიოდა. მე ძალიან კარგად ვიცოდი, რომ მთელ იმ პროცესებში, რომელშიც აჭარის მაუწყებელში ვიყავი, ვკარგავდი ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვანს, სამყაროს აღქმის უნარს.

ამას ვაკეთებ მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხელისუფლება დავარწმუნო იმ ნათელი ადამიანების და ნათელი გუნდის მნიშვნელობაში. ჩემთვის ძალიან მძიმეა ამის გაკეთება. არ გამიკეთებია იმიტომ, რომ გადამერჩინა საკუთარი თავი. მხოლოდ იმისთვის ვაკეთებ, რომ დავარწმუნო საზოგადოება, ხშირ შემთხვევაში, ჩვენს ძალიან დიდი ძალისხმევაზე იდგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეა.

მე, ნათია კაპანაძე პირადად, ამას ვაკეთებდი იმისთვის, რომ თქვენ, გადასახადის გადამხდელებს გქონოდათ შანსი მიგეღოთ დამოუკიდებელი საზოგადოებრივი მაუწყებელი.

მე მინდა მივმართო ჩემს კოლეგებს, რომლებმაც უკვე უნდა გადახედონ მთელ იმ პერიოდს, როცა ჩვენ ერთად ვიმუშავეთ და ნახონ, რად ჯდებოდა თითოეული მათგანის შემოკრება საზოგადოებრივ მაუწყებელში ჩემთვის, როგორც ნათია კაპანაძისთვის. მე მინდა გადახედონ ყოველ დღეს, როცა ჩვენ ერთად ვმუშაობდით და დღეს სწორედ ამიტომ მიიღონ გადაწყვეტილებები.

მე მინდა შევახსენო ხელისუფლებას და პირველ რიგში, ალბათ უნდა მივმართოთ ბიძინა ივანიშვილს. ჩვენს ჯანმრთელობაზე დგას ეს საქმე, ჩემი ჯანმრთელობა 2019 წლის 19 აპრილიდან დღემდე კიდევ უფრო განახევრდა, მაგრამ მე იმ პროცესებში ვიცოდი, რომ შემეძლო დამეკარგა ყველაფერი, სიტყვის თავისუფლების გარდა", - თქვა ნათია კაპანაძემ.

ნათია კაპანაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორად 2016 წელს აირჩიეს, 2019 წელს კი გადააყენეს. ამ ხნის განმავლობაში ტელევიზია არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევაში მოხვდა როგორც მიუკერძოებელი და დაბალანსებული.

სწორედ ნათია კაპანაძის გადაყენების პერიოდიდან აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები ზეწოლაზე, დევნასა და ცენზურაზე საუბრობენ. მრჩეველთა საბჭოს ახალი დირექტორის შესარჩევად რამდენიმე თვე დასჭირდა, კონკურსი არაერთხელ ჩაიშალა. მეხუთე მცდელობაზე, 2019 წლის 22 ნოემბერს, დირექტორად გიორგი კოხრეიძე აირჩიეს, რომელის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა საშტატო განრიგის ცვლილება იყო. სწორედ მან, პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის ხელშეკრულებაში ცვლილება შეიტანა და ის პუნქტები ამოიღო, რომლითაც მაუწყებლის სამივე პლატფორმაზე კოორდინაცია და პოლიტიკის შემუშავება ევალებოდა. ზოიძე იძულებული გახდა, ტელევიზია დაეტოვებინა. მისივე ინიციატივა იყო რამდენიმე თანამდებობის გაუქმება, მათ შორის ახალი ამბების სამსახურის უფროსის მოადგილის შტატის. ამ პოსტს ტელევიზიაში მაია მერკვილაძე იკავებს და რომელიც კოხრეიძის მიმართ კრიტიკული განცხადებებით გამოირჩეოდა.

კომენტარები