საარჩევნო სისტემა

თალაკვაძე: ჩვენსა და ოპოზიციის მეორე ნაწილს შორის შეთანხმება ობიექტურად შესაძლებელია

ტაბულა

ქართული ოცნების ოფისში გამართულ უმრავლესობის სხდომაზე მმართველი გუნდის წევრებმა საარჩევნო სისტემაზე ისაუბრეს. პარტიის ლიდერების თქმით, მათ ახალი მოდელი შეიმუშავეს, რომელიც "პროპორციული საარჩევნო სისტემის იდენტურია", თუმცა საარჩევნო მოდელის დეტალებზე არ ისაუბრეს. 

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, თქმით, ამ დროისთვის "ოპოზიციის მეორე ნაწილსა" და ხელისუფლებას შორის შეთანხმება "ობიექტურად შესაძლებელია", ხოლო იმ პარტიას, რომელიც ამ შეთანხმებას "ხელს შეუშლის" საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მოუწევს ამ გადაწყვეტილების ახსნა. 

"ამ მომენტისთვის, როგორც ჩვენი მხრიდან, ასევე ოპოზიციის მეორე ნაწილის მხრიდან არის ნაბიჯები გადადგმული იმისათვის, რომ შეთანხმება შედგეს,"- თქვა თალაკვაძემ. 

პარლამენტის თავმჯდომარე არ ასახელებს, თუ ვინ წარმოადგენს "ოპოციის მეორე ნაწილს" და ვისთან აქვს შეთანხმების იმედი. ის არც იმ პროპორციაზე საუბრობს, რომელიც ხელისუფლებამ ოპოზიციას შესთავაზა. 

"ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება ეს პროპორციები, 40%-იანი ბარიერის პრინციპი, საარჩევნო ბარიერი და არჩევნები, რომელიც უნდა ჩატარდეს 2020 წელს, ყველა პრინციპულ საკითხთან დაკავშირებით ჩვენი მხრიდან არის შეთავაზებული ოპოზიციის მისამართით სამართლიანი, პრაგმატული და ოპტიმალური პირობები, რომლებიც ამ პოლიტიკურ კონტექსტში, ამ ვითარებაში შესაძლებელი იყო ხელისუფლების მხრიდან გაკეთებულიყო," - ამბობს თალაკვაძე. 

პასუხად, ოპოზიციის ლიდერები ამბობენ, რომ იმ ორ მთავარ მოთხოვნასთან დაკავშირებით, რაც მათ აქვთ, ხელისუფლებას ნაბიჯები ამ დრომდე არ გადაუდგამს. 

კომენტარები