კორონავირუსი

ხუთივე ახალი ინფიცირებული იტალიიდან კვირას ჩამოვიდა, ისინი მე-4 პაციენტის კონტაქტები არიან

კორონავირუსით დაინფიცირებული 5 ახალი პაციენტიდან ყველა იტალიიდან არის ჩამოსული. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროში გამართული ბრიფინგიდან გახდა ცნობილი. 

"დადასტურებული მეოთხე პაციენტის ზოგიერთი კონტაქტი შეფასებული იქნა, როგორც შესაძლებელი შემთხვევა. ისინი დაიტესტნენ ლუგარში. ყველა კონტაქტი უკავშირდება იტალიას. აღებული ნიმუშებიდან ხუთი აღმოჩნდა დადებითი" - თქვა ამირან გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ "ეს არის ძირითადად ოჯახური შემთხვევები".

"ყველა ერთად იყვნენ იტალიაში და დაბრუნდნენ საქართველოში კვირას" - განაცხადა გამყრელიძემ და აღნიშნა, რომ "კლინიკური მიმდინარეობა გახლავთ ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელი". ყველა მათგანი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება. მათ კონტაქტებს "ჩაღრმავებული ეპიდკვლევა ჩაუტარდება". დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თქმით, "პაციენტები არ არიან მოხუცები და ხანდაზმულები".

ამ დროისთვის, საქართველოში ცხრა ადამიანია კორონავირუსით ინფიცირებული. ერთი პაციენტი იტალიიდან, ხოლო ორი - ირანიდან იყო ჩამოსული. 4 მარტს დადასტურდა კიდევ ერთი შემთხვევა - 44 წლის კაცი იტალიიდან 1 მარტს ჩამოვიდა. მას ჩამოფრენისას არ ჰქონდა სიმპტომები, მაღალი სიცხით ინფექციურ საავადმყოფოს მან 4 მარტს მიმართა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა "საყურადღებოა". სწორედ მასთან ერთად მოგზაურობდა ის ხუთი ადამიანი, რომელსაც კორონავირუსი 5 მარტს დაუდგინდა.

კომენტარები