კორონავირუსი

ჯონსონი ბრიტანელებს: კორონავირუსი უფრო გავრცელდება, მეტი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანს

ბორის ჯონსონი
REUTERS

12 მარტს ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ბრიტანეთს მოქალაქეები გააფრთხილა, რომ ბევრად მეტი ოჯახი კორონავირუსისგან თავიანთ საყვარელ ადამიანებს დაკარგავდა. ამავდროულად, მეცნიერულ საკითხებზე ბრიტანეთის მთავრობს მრჩეველმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, დაახლოებით, 10 000-მდე ბრიტანელი ახალი ვირუსითაა დაავადებული.

"ეს უფრო გავრცელდება... მე სიმართლე უნდა გითხრათ, ბრიტანელ საზოგადოებას სიმართლე უნდა ვუთხრა - მეტი ოჯახი, უფრო მეტი ოჯახი დაკარგავს საყვარელ ადამიანებს დროზე ადრე," - განაცხადა ჯონსონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ყველა, ვინც თავს ვირუსის მსუბუქ სიმპტომსაც კი შეატყობდა, სულ მცირე, 7 დღე თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო. 

ჯონსონის თქმით, ბრიტანეთის მთავრობა მეცნიერების რჩევას მიყვებოდა "სწორ დროს გააკეთებდა იმას, რაც სწორი იქნებოდა".

"ეს თაობისთვის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ყველაზე ცუდი კრიზისია," - განაცხადა ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა. 

ბოლო 24 საათში ბრიტანეთში ახალი კორონავირუსით დაავადების შემთხვევები 29%-ით გაიზარდა. ქვეყანაში ამჟამად 590 ადამიანს დაუგინდა ახალი ვირუსის დიაგნოზი, დაიღუპა 10. 20 პაციენტს ინტენსიურად მკურნალობენ. ამჟამად 18 პირია გამოჯანმრთელებული.

მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა პატრიკ ვალანსმა 590 გამოვლენილ შემთხვევაზე განაცხადა - "თუ დაითვლით ჯამურად რიცხვებში რეალურად რას ნიშნავს ეს, ბევრად უფრო სავარაუდოა, რომ ამ მომენტისთვის 5 000-დან 10 000-მდე ადამიანია დაავადებული."

მისი თქმით, ბრიტანეთის ტრაექტორია იტალიას, დაახლოებით, ოთხი კვირით ჩამოუვარდებოდა. მისი ვარაუდით, ბრიტანეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევები პიკს 10-დან 14 კვირაში მიაღწევდა.

ბრიტანეთის მთავარმა სამედიცინო მრჩეველმა განაცხადა, რომ ასაკოვან ადამიანებთან და რისკ ჯგუფში მქონე პირებთან სოციალური კონტაქტი უნდა შემცირებულიყო.

სიტყვით გამოსვლის ბოლოს ბორის ჯონსონმა მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ხელების დაბანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

"მიუხედავად იმისა, რომ ვითარება რთულად გამოიყურება, გახსოვდეთ, ჩვენ ამას დავძლევთ, ეს ქვეყანა ამ ეპიდემიას გადაიტანს ისევე, როგორც ადრე მეტად რთული რამეები გადაუტანია," - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე მიუთითებს და არა მის სიმძიმეზე. ჯანმო-ში აღნიშნეს, რომ ახალი ვირუსუს წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში გავრცელდა, ბრძოლის ახალი ფრონტის ხაზი ამჟამად იტალია და ირანი იყო.

"ისინი ახლა იტანჯებიან, მაგრამ მე გარანტიას გაძლევთ, სხვა ქვეყნები მალე ამ მდგომარეობაში იქნებიან," - განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო ვითარებების ხელმძღვანელმა მაიკ რაიანმა.

11 მარტს გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ სავარაუდოდ, გერმანიის მოსახლეობის 70% ახალი კორონავირუსით დაავადდება.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 5080 ადამიანი. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 138 158 შემთხვევა, აქედან 70 716 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - 15,113 დაავადების შემთხვევა. ჩინეთს გარეთ გარდაცვალების ყველაზე მეტი, 1,016 შემთხვევაც იტალიაშია. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 25 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 245, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 58 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები