კორონავირუსი

სანჩესი: ესპანეთში კორონავირუსიანთა რიცხვმა მომავალ კვირას, შესაძლოა, 10 000-ს გადააჭარბოს

პედრო სანჩესი
Reuters

13 მარტს ესპანეთის პრემირმინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ესპანეთში კორონავირუსით დაავადების შემთხვევებმა მომავალ კვირას, შესაძლოა, 10 000-ს გადააჭარბოს.

სანჩესმა აღნიშნა, რომ მისი ადმინისტრაცია ესპანეთის მოქალაქეების დასაცავად ყველა საჭირო ზომას მიიღებდა.

ამჟამად ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების დიაგნოზი 4 231 ადამიანს დაუდგინეს. გარდაცვლილია 120 პირი. ამ დროისთვის, ევროპაში, იტალიის შემდეგ, ახალი ვირუსით ყველაზე მეტი ადამიანი ესპანეთშია დაავადებული.

13 მარტს ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ჯერ-ჯერობით ესპანეთის მთავრობას არ დაუკონკრეტებია, თუ რა საგანგებო ზომების მიღებას აპირებს.

ესპანეთის ზოგიერთ რეგიონში მაღაზიების დიდი ნაწილი, ბარები, და რესტორნები დახურეს. 

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა. პანდემია დაავადების გეოგრაფიულ გავრცელებაზე მიუთითებს და არა მის სიმძიმეზე. ჯანმო-ში აღნიშნეს,რომ ახალი ვირუსუს წინააღმდეგ, რომელიც თავდაპირველად ჩინეთში გავრცელდა, ბრძოლის ახალი ფრონტის ხაზი ამჟამად იტალია და ირანი იყო.

მსოფლიოში ახალი კორონავირუსით გარდაცვლილია 5 588 ადამიანი. გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 142 320 შემთხვევა, აქედან 70 000-ზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა. ახალი ვირუსი 129 ქვეყანასა და ტერიტორიაზეა გავრცელებული.

ჩინეთის შემდეგ, კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევა ამჟამად იტალიაშია დადასტურებული - იტალიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსით კიდევ 250 ადამიანი დაიღუპა, გამოვლინდა ინფიცირების 2 547 ახალი შემთხვევა. ჯამში იტალიაში Covid 19-ით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 17 760-ს მიაღწია, ხოლო გარდაიცვალა - 1266 ადამიანი. კორონავირუსის გამო 10 მარტს მთელი იტალია ჩაკეტეს.

რაც შეეხება საქართველოს, ამჟამინდელი მონაცმებით, ქვეყანაში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დადასტურებული​. უკანასკნელი ინფორმაციით, კარანტინის რეჟიმში 418, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 54 ადამიანი იმყოფება.

კომენტარები