გლობალური ეკონომიკა

მესამე მასშტაბური ვარდნა ბოლო 7 დღეში - აშშ-ის უმსხვილესი საფონდო ინდექსები მკვეთრად ეცემა

გუშინ, 16 მარტს თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე ჟურნალისტის კითხვას, მოძრაობს თუ არა აშშ-ის ეკონომიკა რეცესიისკენ დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ ეს შესაძლოა მოხდეს. აშშ-ის პრეზიდენტის პასუხი, უარყოფითი სიგნალი იქცა ინვესტორებისთვის და შედეგად გუშინდელი სავაჭრო დღის განმავლობაში საკვანძო ამერიკული ინდექსები მკვეთრად დაეცა, მესამედ ბოლო კვირის განმავლობაში. 

"ეს შესაძლოა მართლაც მოხდეს, თუმცა ჩვენ ვითარებას ვუყურებთ არა რეცესიის ჭრილში, არამედ კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით ვუყურებთ. როგორც კი ვირუსს დავამარცხებთ, გაჩნდება დაუკმაყოფილებელი მოთხოვნა, როგორც საფონდო ბირჟებზე, ასევე მთლიანად ეკონომიკაში. როდესაც ყველაფერი მორჩება, მე ვფიქრობ ჩვენ უპრეცენდენტო ზრდას შევესწრებით", — განაცხადა დონალდ ტრამპმა. 

გუშინ, 16 მარტს უმსხვილესი ამერიკული საფონდო ინდექსები მკვეთრად შემცირდა. რამდენიმე შემთხვევაში საჭირო გახდა ვაჭრობის პროცესის შეჩერებაც, რადგან S&P 500-ის ინდექსი 8%-ით შემცირდა. დღის შუა მონაკვეთში აქციების ფასების ზრდის ტენდენცია გამოიკვეთა, თუმცა დახურვამდე ცოტა ხნით ადრე ინდექსები კვლავ კლებისკენ წავიდა. 

საბოლოოდ, S&P 500-ის ინდექსი 11%-ით შემცირდა, 13% დაკარგა Dow&Jones-სმა, ეს 1987 წლის 19 ოქტომბრის ვარდნის შემდეგ, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური კლებაა. 

დაახლოებით, იგივე სურათი იყო 12 მარტს, ამ დღეს უმსხვილესი ინდექსები საშუალოდ 10%-ით შემცირდა. კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით მსოფლიოში უკიდურესად პესიმისტური მოლოდინებია. OECD-ის კვლევის მიხედვით მოსალოდნელია გლობალური ეკონომიკური ზრდის განახევრება.  

საკუთარ პროგნოზს აქვეყნებს Bloomberg-იც, რომლის მიხედვითაც ყველაზე ცუდ სცენარში კორონავირუსით გამოწვეული ზარალი 2,7 ტრილიონ დოლარს, ხოლო ეკონომიკური ზრდა 0-ს გაუტოლდა. 

შექმნილ ეკონომიკურ გამოწვევებზე საპასუხოდ, ამ თვეში უკვე მეორედ ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, რომელიც აშშ-ში ცენტრალური ბანკის ფუნქციებს ასრულებს საგანგებო სხდომაზე შეამცირა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი.

კომენტარები