კორონავირუსი

ბოლო 24 საათში იტალიაში 683 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 5 210 ახალი შემთხვევა

Forbes

ბოლო 24 საათში იტალიაში 683 ადამიანი გარდაიცვალა, გამოვლინდა ინფიცირების 5 210 ახალი შემთხვევა. ეს მცირედით ნაკლებია წინა დღის მაჩვენებელზე. 24 მარტს ქვეყანაში გარდაცვალების 743, ხოლო ინფიცირების - 5 249 ფაქტი აღირიცხა. 22-23 მარტს კი, ახალი შემთხვევების რაოდენობა უფრო ნაკლები იყო.

25 მარტის მონაცემებით, იტალიაში მთლიანობაში 74 386 ადამიანია ინფიცირებული, გარდაცვლილია 7 503 და გამოჯანმრთელებულია 9 362 ადამიანი. აქტიური 57 521 შემთხვევიდან 3 489 პაციენტის მდგომარეობა სერიოზული ან კრიტიკულია.

იტალია 10 მარტიდან მთლიანად კარანტინის ზონად არის გამოცხადებული. 21 მარტიდან, ლომბარდიაში, იტალიის კორონავირუსით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონში, ჩაკეტვის ზომების გატარების უზრუნველყოფაში სამხედროებიც ჩაერთვნენ. იტალიაში კორონავირუსით სიკვდილიანობა 8%-ია. ეს გაცილებით მაღალი მონაცემია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ანგარიშის მიხედვით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 99%-ზე მეტს სხვა დაავადება სჭირდა. ახალი ვირუსით გარდაცვლილთა საშუალო ასაკი 79.5 წელია, ინფიცირებულთა - 63 წელი. დაღუპულთა 75%-ზე მეტს მაღალი წნევა ჰქონდა, დაახლოებით 35%-ს - დიაბეტი, 1/3-ს კი, გულის დაავადება აწუხებდა.

იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ინფორმაციით, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა მხოლოდ 0.8%-ს არ ჰქონდა რამე დაავადება. 48.5%-ს სამი ან მეტი დაავადება სჭირდა, 25.6%-ს - ორი, ხოლო 25.1%-ს - ერთი მაინც. 

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგად, იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა 18%-ის მონაცემები შეისწავლეს. 

კომენტარები