კორონავირუსი

პოლონეთში კორონავირუსი ჯამში 2000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 31 პაციენტი

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 2000-ს გადაცდა, გარდაიცვალა 31 ადამიანი. ბოლო 24 საათში დაავადების 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო ერთ დღეში დაღუპულთა რიცხვია - 9.

გამოჯანმრთელებულია მხოლოდ შვიდი ადამიანი, რაც იმით შეიძლება აიხსნას, რომ შემთხვევების უმეტესობა ბოლო კვირაში გამოვლინდა. შემთხვევების უმრავლესობა მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა.

ქვეყანაში საზღვრები დაკეტეს, რაც 13 აპრილამდე იქნება ძალაში. სკოლებს, თეატრებსა და კინოთეატრებს კი, აღდგომამდე არ გახსნიან.

მოქმედი ზომებით, ადამიანებს სახლიდან გამოსვლა მხოლოდ აუცილებელი საჭიროებებისთვის შეუძლიათ. ეს საჭიროებები გულისხმობს სამუშაოდ წასვლას, ძაღლის გასეირნებას, პროდუქტების შესყიდვას, მოხუცების მოვლას. აკრძალულია ორზე მეტი ადამიანის შეკრებაც, გარდა ოჯახის წევრებისა.

ქვეყანაში ასევე შეზღუდულია 5-ზე მეტი ადამიანის შეკრება რელიგიური რიტუალებისას, დაკრძალვებისას. შეზღუდვები ეხება საჯარო ტრანსპორტსაც.

კომენტარები