კორონავირუსი საქართველოში

ტურძელაძე: მარნეულიდან გადმოყვანილი 70 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია

თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ლალი ტურძელაძის, თქმით, ახალი კორონავირუსით ინფიცირებული 70 წელს გადაცილებული ქალის მდგომარეობა კრიტიკულია და ის ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი. 

მარნეულიდან თსსუ-ის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი 70 წელს გადაცილებული ქალი 31 მარტს გადაიყვანეს. 

"ერთი არის უკიდურესად მძიმე, კრიტიკულ მდგომარეობაში და კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში ხელოვნურ სუნთქვაზეა გადაყვანილი, აპარატზეა. მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა,"- ამბობს ტურძელაძე. 

რაც შეეხება მეორე ქალს, ტურძელაძე ამბობს, რომ მისი მდგომარეობაც მძიმეა, თუმცა რჩება ინტენსიური თერაპიის ცენტრში. 

"კონტაქტურია მეორე ქალბატონი, მაგრამ არცერთ ენაზე არ საუბრობს და ეს ძალიან გვიჭირს," - ამბობს ტურძელაძე.

ორი ინფიცირებული ქალიდან ერთი მარნეულელია, ხოლო მეორე - ბოლნისელი, რომელიც თბილისში გადაყვანიდან ბოლნისიდან მარნეულში გადაიყვანეს. ორივე მუნიციპალიტეტში საკარანტინო რეჟიმია ამოქმედებული. 

31 მარტიდან ფაქტობრივი საყოველთაო საკარანტინო რეჟიმი მოქმედებს მთელი საქართველოს მასშტაბითაც. ამასთან, 21 მარტიდან ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. 

31 მარტის 20:00 საათის მონაცემებით, საქართველოში ახალი კორონავირუსის 110 შემთხვევაა დადასტურებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინში 4 995 ადამიანი რჩება. 

კომენტარები