რუსეთი

რუსულ დარქნეტში "ეროვნული ბანკი" აღმოაჩინეს, რომელმაც მიმოქცევაში მილიარდი რუბლი ჩაუშვა

რუსულ დარქნეტში არსებული მაღაზია სახელწოდებით "რუსეთის ბანკი" ერთი წლის განმავლობაში მსურველებს ყალბი ფულით ამარაგებდა. რუსული მედიის ცნობით, ამ პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციამ 1 მილიარდი რუბლი ყალბი ფული დაბეჭდა. ეს რუსეთში ბოლო წლები განმავლობაში ყალბი ფულის დამზადების ერთერთი ყველაზე მასშტაბური საქმეა.

მაღალი ხარისხის რუსულ ბანკნოტებს ნიჟნი ნოვგოროდში ბეჭდავდნენ, საიდანაც საიდუმლო ქსელის მეშვეობით ყალბი კუპიურებით რუსეთის თითქმის ყველა რეგიონი მარაგდებოდა. პოლიცია დამნაშავეების კვალზე ორი მოქალაქის დაკავების შემდეგ გავიდა. როგორც ცნობილია, დაკავებულები ე.წ. კურიერები იყვნენ. 

პოლიციის ვერსიით, დანაშაულებრივ სქემაში 30 ადამიანი იყო ჩართული და არცერთი მათგანი ერთმანეთს პირადად არ იცნობდა. დაკავებულია 3 პირი, რომელიც სავარაუდოდ ყალბი კუპიურებს ამზადებდა. ადგილიდან ამოღებულია საბეჭდი აპარატურა და ფულის მაკეტები. 

დაკავებულია დანაშაულებრივი სქმის ორი მონაწილე მოსკოვშიც. პოლიციის ცნობით, დაკავებულები ბრალს აღიარებენ.

ამ დროისთვის რუსულ დარქნეტში ყალბ ფულს 20 მომწოდებელი ყიდის. ძირითადად საუბარია 1997 წელს დაბეჭდილი 5,000 რუბლის ნომინალის კუპიურაზე. 50 ათასი ყალბი რუბლის შეძენა მომხმარებლებს 20 ათას რუბლად შეუძლია.

კომენტარები