კორონავირუსი დიდ ბრიტანეთში

Covid-19 დიდ ბრიტანეთში: 938 გარდაცვლილი ერთ დღეში და მასობრივი ტესტირება

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით 938 ადამიანი გარდაიცვალა, რაც აქამდე აღრიცხული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთ დღეში. ჯამში, ქვეყანაში კორონავირუსის აღრიცხული შემთხვევებიდან დაღუპულია 7097 ადამიანი. მიუხედავად გარდაცვლილთა რიცხვის ზრდისა, ბოლო დღეებში ინფიცირების სტატისტიკა ყველაზე უარესი სცენარის შესაბამისად არ გაზრდილა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლებში კი დასტაბილურების ნიშნები გამოიკვეთა.

ბრიტანეთში ააჩქარეს ტესტირების ტემპი. განზრახვა გერმანიის და სამხრეთ კორეის გამოცდილების გაზიარებაა, რომელთაც მასობრივ ტესტირებებს მიმართეს, რითაც ბევრ სხვა ქვეყანაზე წარმატებით მართავენ კრიზისს. მხოლოდ დღეს ბრიტანეთში 14 ათასზე მეტი ადამიანი გატესტეს, თვის ბოლომდე კი 100 000 ადამიანის მოცვა იგეგმება. 

მთლიანობაში ქვეყანაში 232 ათასზე მეტს ჩაუტარდა ტესტირება, საიდანაც ვირუსი დაახლოებით 60 ათასს აღმოაჩნდა.

ვარაუდობენ, რომ ქვეყანაში საგანგებო ზომები კიდევ რამდენიმე კვირას გაგრძელდება. თავდაპირველად ბრიტანეთი განსხვავებული სტრატეგიით აპირებდი კრიზისის გამკლავებას. ბრიტანეთის მთავრობის ლოგიკა ეფუძნებოდა პრინციპს, რომელიც რისკ-ჯგუფების დაავადებისაგან მაქსიმალურად დაცვასა და საზოგადოებრივი იმუნიტეტის ამაღლებას მოიაზრებდა.

ამ პრინციპის თანახმად, დაავადების წინააღმდეგ ბრძოლა უფრო ეფექტიანი შეიძლებოდა იმ შემთხვევაში აღმოჩენილიყო, თუ რისკ-ჯგუფები მისგან მაქსიმალურად შორს დაიჭერდნენ თავს, ამასობაში მთავრობა მკაცრ ზომებს არ გამოიჩენდა დაავადების დანარჩენ, ნაკლები რისკის შემცველ ჯგუფებში გავრცელების აღსაკვეთად, რითაც საზოგადოებრივი იმუნიტეტი ამაღლდებოდა და მომდევნო ზამთრისთვის დაავადება ნაკლებად სახიფათო გამოდგებოდა.

კრიტიკის შემდეგ მთავრობამ მიდგომა შეცვალა და ზომები გაამკაცრა, მათ შორის კარანტინთან დაკავშირებით. აიკრძალა მასობრივი თავშეყრაც.

კომენტარები