რუსეთი

რუსეთმა ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი THE JAMESTOWN FOUNDATION "არასასურველ ორგანიზაციად" ცნო

8 აპრილს რუსეთში ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი The Jamestown Foundation "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადეს. ამის შემდეგ, ინსტიტუტს რუსეთში, სავარაუდოდ, აკრძალავენ.

რუსეთის პროკურატურის განცხადებით, მათ შეისწავლეს ინსტიტუტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშები და დაასკვნეს, რომ ის რუსეთის ზოგიერთ რეგიონში სეპარატიზმს ემხრობა, რაც საფრთხედ ჩათვალეს.

2015 წელს მიღებული არასასურველ ორგანიზაციათა კანონით, რუსეთში არაერთი უცხოური ჯგუფი აკრძალეს. რუსეთის მოქალაქეებს ამ ორგანიზაციებში მუშაობა ეკრძალებათ. კანონით, ჯგუფებს ჯერ არასასურველ ორგანიზაციად ცნობენ, შემდეგ კი იუსტიციის სამინისტრო მათი ოფიციალურად აკრძალვის გადაწყვეტილებას იღებს.

დასავლეთი რუსეთს ადანაშაულებს, რომ არასასურველ ორგანიზაციათა, ასევე უცხოეთის აგენტთა კანონით, ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოებას იზოლაციაში აქცევენ და მათზე წნეხს ზრდიან.

2012 წელს მიღებული კანონით, რუს მაღალჩინოსნებს შეუძლიათ, უცხოეთის აგენტთა სიაში შეიყვანონ ჯგუფები, რომლებიც საზღვარგარეთიდან იღებენ დაფინანსებას - ამ სიაში მოხვედრილებმა რეგულარულად უნდა წარადგინონ ინფორმაცია დაფინანსების წყაროს, ხარჯების, მმართველების შესახებ.

რუსეთი ამას არ აღიარებს და აცხადებს, რომ ამ კანონებით ეროვნულ უსაფრთხოებას საგარეო ჩარევისგან იცავს.

2019 წლის 25 ივლისს რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არალეგალურ "არასასურველ ორგანიზაციად" გამოაცხადა ამერიკული ანალიტიკური ინსტიტუტი The Atlantic Council - "ორგანიზაციის საქმიანობა რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური სისტემის ფუნდამენტისა და უსაფრთხოებისთვის საფრთხეს წარმოადგენს," - თქვეს მათ.

2016 წელს კი რუსეთში "არასასურველ ორგანიზაციებად" გამოაცხადეს და საქმიანობა აუკრძალეს IRI-სა და მედიის განვითარების საინვესტიციო ფონდს (MDIF) .

2015 წელს თავდაპირველად სიაში 12 ორგანიზაცია იყო. მათ შორის ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI), ფონდი ღია საზოგადოება (სოროსის ფონდი) და სხვა.

კომენტარები