კორონავირუსი

ბრიტანეთში მობილური ჯგუფები იმოძრავებენ, რათა ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოონ

ბრიტანეთში მობილური ერთეულების ჯგუფები იმოძრავებენ, რათა ტესტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით გააფართოონ.

სპეციალურად გადამზადებული შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები შეაგროვებენ ნაცხებს და ლაბორატორიაში ანალიზის გასაკეთებლად გაგზავნიან. ისინი ე.წ. ავტომობილიდან გადაუსვლელად ტესტირების ადგილის წარმომადგენლებთან ერთად იმუშავებენ.

ტესტირებულები პასუხს 48 საათის განმავლობაში გაიგებენ.

26 აპრილს ქვეყნის მასშტაბით ახალი კორონავირუსის ტესტირების ჩასატარებლად რვა ასეთი ჯგუფი დაიძრა. მომავალ დღეებში მათ კიდევ ათეულობით ჯგუფი დაემატება, რათა მთავრობამ აპრილის ბოლოდან სამიზნე, დღეში 100 000 ტესტის ჩატარება შეძლოს.

მაისის განმავლობაში მათ დამატებით 96 ასეთი ჯგუფი შეუერთდება.

აღნიშნულ ჯგუფებს ტესტირების განყოფილებების მოწყობა 20 წუთში შეეძლებათ და ისინი ტესტირებას ჩაუტარებენ აუცილებელ სამსახურში დასაქმებულ პირებს, მზრუნველობამოკლებულ სახლებში მომუშავე ადამიანებს, პოლიციელებს, პატიმრებს და ასევე მათ, ვისაც თავად არ შეუძლიათ ტესტირების ადგილზე მისვლა.

ბრიტანეთის ჯანმრთელობის მდივანმა, მეთ ჰენკოკმა, გასულ თვეს არაერთხელ განაცხადა, რომ ბრიტანეთში 30 აპრილიდან ყოველდღიურად 100 000 ტესტი ჩატარდება. 

ტესტების მიზანი როგორც დაინფიცირებულების ამოცნობა, ისევე იმის გარკვევა იქნება, გამოიმუშავა თუ არა ანტისხეულები და სავარაუდოდ, იმუნიტეტი უკვე დაინფიცირებულმა ადამიანმა.

26 აპრილის მონაცემებით, გაერთიანებულ სამეფოში ახალი კორონავირუსის ტესტი 640 792 ადამიანს ჩაუტარდა და აქედან 148 377 პირს ახალი ვირუსი დაუდასტურდა. 20 319 პაციენტი გარდაიცვალა.

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის თქმით, ამჟამად არ არსებობს მტკიცებულება, რომ ადამიანები, რომლებიც ახალი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდნენ და ანტისხეულები აქვთ, ხელახალი დაინფიცირებისგან დაცული არიან. 

კოლუმბიის უნივერსიტეტის ვიროლოგის ანგელა რასმუსენის თქმით, სხვა არამწვავე კორონავირუსების შემთხვევაში, ხელახლა დაავადება შესაძლებელია, თუმცა, ეს ხდება არა კვირებისა და თვეების, არამედ წლების შემდეგ. ახალი კორონავირუსის შემთხვევაში ხელახალი დაინფიცირების ვადები ჯერჯერობით უცნობია.

საგულისხმოა, რომ ლონდონის უნივერსიტეტის გენეტიკური ინსტიტუტის ინფორმაციით, 2002-2003 წლებში სხვა ტიპის მწვავე კორონავირუსის, მძიმე მწვავე რესპირატორული სინდრომის - SARS-ის ეპიდემიის დროს, მათ, ვისაც ვირუსის წინააღმდეგ ანტისხეულები აღმოაჩნდათ, იმუნიტეტი 2 ან 3 წლის განმავლობაში შეუნარჩუნდათ. აღსანიშნავია, რომ SARS სტრუქტურულად ახალი კორონავირუსის (იგივე SARS-CoV-2) მსგავსია.

კომენტარები