ეკონომიკა

ბოლო 6 კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 30 მილიონით გაიზარდა

აპრილის მესამე კვირაში უმუშევრობის კომპენსაციაზე განაცხადი 3,8 მილიონმა მოქალაქემ შეავსო. ინფორმაციას ამის შესახებ აშშ-ის შრომის სამინისტრო ავრცელებს. 

ამგვარად, ბოლო 6 კვირის განმავლობაში აშშ-ში უმუშევართა რაოდენობა 30,3 მილიონით გაიზარდა. ბოლო კვირის განმავლობაში უმუშევრობის ზრდამ პროგნოზირებულ მაჩვენებელს საგრძნობლად გადააჭარბა, თუმცა ბოლო ოთხი კვირის განმავლობაში ახალი განაცხადების რაოდენობა მცირდება. 

ყველაზე მეტი განაცხადი მარტის ბოლო კვირაში შეივსო, მაშინ ერთ კვირაში უმუშევრობის კომპენსაცია 6,8 მილიონმა ამერიკელმა მოითხოვა. ორი კვირის წინ აშშ-ის ხელისუფლებამ ნება დართო ე.წ. გიგ ეკონომიკაში ჩართულ ადამიანებს, მოეთხოვათ უმუშევრობის კომპენსაცია. გიგ ეკონომიკაში ის ადამიანები მოიაზრებიან, რომლებიც ერთდროულად რამდენიმე სამსახურში მუშაობენ. 

ბოლო ორი კვირის განმავლობაში განაცხადების უმეტესობა სწორედ ეკონომიკის ამ სეგმენტში ჩართულ ადამიანებზე მოდის. მზარდი განაცხადების რაოდენობამ აღრიცხვის კომპიუტერულ სისტემაში არაერთი ხარვეზი გამოიწვია. Wall Street Journal-თან საუბარში როდ აილენდის შრომის დეპარტამენტის დირექტორი, სკოტ ჯენსენი ამბობს, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით კომპიუტერული სისტემა დაძველებულია და მიმდინარე კრიზისმა მრავალი ხარვეზი გამოავლინა. 

კორონავირუსის პანდემიამდე, ერთ კვირაში უმუშევრად დარჩენილი მოქალაქეების რეკორდული მაჩვენებელი 1982 წელს დაფიქსირდა, მაშინ 7 დღის განმავლობაში კომპენსაცია ერთდროულად 665 ათასმა მოქალაქემ მოითხოვა. 

გუშინ გამოქვეყნდა აშშ-ის ეკონომიკური ზრდის პირველი კვარტლის მონაცემები, რომლის მიხედვითაც აშშ-ის ეკონომიკა 5,8%-ით შემცირდა.

გარდა ამისა, ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შედეგად აშშ-ის მთლიანი ეკონომიკის მეოთხედი ვეღარ ფუნქციონირებს. ამის შესახებ, სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ Wall Street Journal-ისთვის მომზადებულ დასკვნაშია საუბარი.

კომენტარები