აშშ - ტაივანი

აშშ ტაივანისთვის $180 მლნ ღირებულების წყალქვეშა იარაღების მიყიდვას აპირებს

აშშ-ის მთავრობამ კონგრესს ტაივანისთვის 180 მლნ აშშ დოლარის ღირებულების წყალქვეშა იარაღების, 18 MK-48 Mod 6 ტიპის ტორპედოების, მიყიდვაზე შეატყობინა.

შეერთებული შტატებს, სხვა უმეტესი ქვეყნის მსგავსად, ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თუმცა აშშ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ტაივანის დემოკრატიას და მისი სამხედრო შეიარაღების მთავარი მიმწოდებელია.

"თავდაცვის უსაფრთხოების თანამშრომლობის სააგენტომ მოიპოვა საჭირო სერტიფიკატი და კონგრესს ამ შესაძლო მიყიდვაზე დღეს ამცნობს," - ვკითხულობთ განცხადებაში.

აშშ მხარს უჭერს ტაივანის "განგრძობად ძალისხმევას, თანამედროვე გახადოს მისი შეიარაღებული ძალები და შეინარჩუნოს სანდო თავდაცვის შესაძლებლობა" და განმარტავს, რომ ეს მიყიდვა, აშშ-ის ეროვნულ, ეკონომიკურ და უსაფრთხოების ინტერესებს ემსახურება.

კომუნისტური ჩინეთი დემოკრატიულ ტაივანს მის ერთერთ პროვინციად თვლის. აშშ-ის ამ ნაბიჯმა ოფიციალური პეკინის აღშფოთება გამოიწვია. ჩინეთი აშშ-ს მოუწოდებს, რომ ტაივანისთვის ყველანაირი შეიარაღების მიყიდვა შეწყვიტოს და სამხედრო კავშირი გაწყვიტოს, რათა ამან სინო-ამერიკული ურთიერთობების მეტი დაზიანება არ გამოიწვიოს.

ამჟამად, ჩინეთისა და აშშ-ის ურთიერთობები ათწლეულების განმავლობაში ყველაზე გაუარესებულია და არამხოლოდ ახალი კორონავირუსის გავრცელების, არამედ ჰონგ-კონგის, ტაივანის, სამხრეთ ჩინეთის ზღვის, სინძიანგის საკონცენტრაციო ბანაკების საკითხის გამო. ასევე, აშშ ჩინეთს უსამართლო ვაჭრობაში, ტექნოლოგიურ მანიპულაციაში ადანაშაულებს.

აღსანიშნავია, რომ 19 მაისს ჩინეთმა ჯანმო-ს მინისტერიალის ასამბლეის მიმდინარეობისას ტაივანისადმი აშშ-ის და სხვა წევრი სახელმწიფოების მხარდაჭერა დაგმო. 9 მაისს აშშ-ის სენატორებმა 60 ქვეყანას მოუწოდეს, რომ ტაივანს ჯანმო-ში მხარი დაუჭირონ. ტაივანმა დეკემბერში გააფრთხილა ჯანმო ახალი კორონავირუსის ადამიანიდან ადამიანზე გადაცემის საფრთხეზე, თუმცა ჯანმო-მ ამას ყურადღება არ მიაქცია. მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პანდემიის დროს ტაივანი ახალ ვირუსთან ბრძოლაში ლიდერია, ჩინეთის წნეხის გამო, მას არაერთი საერთაშორისო ორგანოში ბლოკავენ. ახალი კორონავირუსის გამოჩენის შემდეგ ჩინეთისა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ქმედებების შესახებ ვრცლად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.

მარტში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რითაც საერთაშორისოდ აშშ-ს ტაივანისადმი გაზრდილ თანადგომას ავალდებულებს.

შეგახსენებთ, რომ იანვარში, პეკინის წნეხის მიუხედავად, ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნებში დემოკრატიულ პროგრესული პარტიიდან ცაი ინგ-ვენმა ხელახლა გაიმარჯვა.

ტაივანის საპრეზიდენტო არჩევნების მიმდინარეობისას ჩინეთმა ტაივანის სრუტეში საჰაერო რაკეტების ხომალდი განათავსა.​ ტაივანმა ჩინეთის ხომალდის ტაივანთან განთავსება არჩევნების წინ ამომრჩეველთა დაშინების მცდელობად აღიქვა.

ინაუგურაციის დროს, ცაი ინგ-ვენმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით განაცხადა, რომ ტაივანი ჩინეთის "ერთი ქვეყნის, ორი სისტემის" მოდელს, რაც ტაივანს "ამცირებს", არ მიიღებს. ინგ-ვენი აცხადებს, რომ ტაივანი დამოუკიდებელი სახელმწიფოა და მას ოფიციალური სახელით, ჩინეთის რესპუბლიკად მოიხსენიებს. 

ჩინეთი შიშობს, რომ დემოკრატიულ პროგრესული პარტია ტაივანი დამოუკიდებლობას ოფიციალურად გამოაცხადებს. ტაივანის დამოუკიდებლობის გამოცხადება ოფიციალური პეკინისთვის წითელი ხაზია.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში 2005 წელს მიიღეს კანონი, რომლის თანახმად ძალას გამოიყენებდნენ თუ ტაივანი დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა.

კომენტარები