კორონავირუსი

ცერცვაძე: არსენ ტოროსიანმა ნამდვილად თქვა ის, რაც თქვა და ბოდიში უნდა მოიხადოს

0 კომენტარი

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე განცხადებას ავრცელებს. ცერცვაძის თქმით, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადება საქართველოში კორონავირუსთან დაკავშირებით ნამდვილია და, მისივე სიტყვებით, მან ბოდიში უნდა მოიხადოს. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა 22 მაისს თქვა, რომ სომხეთის ეპიდემიოლოგიის საწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი. მისი ეს კომენტარი სომხურმა გამოცემამ panorama.am-მა გაავრცელა. მისივე სიტყვებით, საქართველოში, შესაძლოა, ბევრად მეტი ინფიცირებული იყოს, ვიდრე ოფიციალურადაა აღრიცხული და ამაზე ის მიანიშნებს, რომ სომხეთში შესულ საქართველოს მოქალაქეებს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდათ.

ცერცვაძის თქმით, მან პირადად მოისმინა ტოროსიანის განცხადება.

"ჩვენ ადრე უკვე განვაცხადეთ და მოკლედ გავიმეორებ, რომ კომიკურია, როცა ამას ამბობს იმ ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი, სადაც მარტო ბოლო ორი დღის განმავლობაში გამოვლინდა COVID-19-ის 733 დადასტურებული ახალი შემთხვევა. ანუ უფრო მეტი, ვიდრე საქართველოში ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე. ბ-ნი ტოროსიანიტესტ-სისტემების ხარისხსა და ტესტირების მეთოდოლოგიას უწუნებს ქვეყანას, სადაც ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ლაბორატორია, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. გვინდა ბ-ნ მინისტრს შევახსენოთ, რომ საქართველო იყო მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც დაიწყო COVID-19-ის დიაგნოსტირება PCR ტესტებით და სადღეისოდ ამ მეთოდით (და არა სწრაფი მარტივი ტესტებით) გამოკვლეულია 48,565 პირი.

[...] შესაბამისად, კვლავ მიგვაჩნია, რომ ბ-ნი ტორისიანის მცდელობა, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას, უშედეგოა და მან ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავის განცხადებების დეზავუირება გააკეთოს და ბოდიში მოიხადოს", - წერია განცხადებაში, რომელსაც ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრი ავრცელებს. 

გუშინ, 23 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თქვა, რომ არსენ ტოროსიანმა წუხილი გამოთქვა, რადგან მისი განცხადება არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. 

სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის სიტყვებს გამოეხმაურა საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძეც. მისი სიტყვებით, ტოროსიანისგან "ასეთი არადიპლომატიური განცხადება ეუცხოვა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები