სირია

მარტში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 2 ივნისს რუსეთმა სირიაში საჰაერო დარტყმები განაახლა

0 კომენტარი
ფოტო: AFP

სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ორგანიზაციის ინფორმაციით მარტში ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 2 ივნისს რუსეთმა სირიაში ამბოხებულების მიერ კონტროლირებად უკანასკნელ ტერიტორიაზე საჰაერო დარტყმები განახორციელა.

დარტყმები ჰამას, იდლიბის და ლატაკიის პროვინციების საზღვარზე მოხდა. მათ მიზანს M4 მაგისტრალის ამბოხებულებისა და ჯიჰადისტებისაგან გაწმენდა წარმოადგენდა. შეთანხმების საფუძველზე, მაგისტრალზე ერთობლივ პატრულირებას ახორციელებენ რუსეთი და თურქეთი.

გასული წლის დეკემბრიდან მიმდინარე წლის მარტამდე რუსეთის მხარდაჭერით ასადის რეჟიმის თავდასხმის გამო იდლიბის პროვინციის მიტოვება მილიონამდე ადამიანს მოუხდა. ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ 120 000 ადამიანი დაბრუნდა, თუმცა დიდი ნაწილი კვლავ ვერ ახერხებს დაბრუნებას.

ცეცხლის შეწყვეტა კორონავირუსის გავრცელებას დაემთხვა. მაისში, 9 წლის წინ სირიის კონფლიქტის დაწყების შემდეგ ყველაზე ცოტა, 71 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.

გასულ თვეს ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციამ Amnesty International ახალი ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც სირიაში მიმდინარე საჰაერო დარტყმებზეა საუბარი. ანგარიშში აღწერილია 18 თავდასხმა, რომელიც 2020 წლის იანვარ-თებერვალში მოხდა. მაშინ რუსეთის და ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის ძალებმა ალეპოსა და ჰამაში დაბომბეს სკოლები და სამედიცინო დაწესებულებები. 

ეს დაწესებულებები გაეროს სპეციალურ სიაში იყო შესული, რომელიც რუსეთსაც გადაეცა და მითითებული იყო, რომ მათზე თავდასხმა არ უნდა მომხდარიყო.

2020 წლის იანვარ-თებერვალში საჰაერო თავდასხმა მოხდა 28 სკოლაზე. მხოლოდ 25 თებერვალს დაიბომბა 10 სკოლა. შედეგად დაიღუპა 9 მშვიდობიანი მოქალაქე.

ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, დაბომბვები რუსეთის მიერ სირიისათვის მიწოდებული იარაღით ხდება, რომელთა ნაწილი საერთაშორისო კანონმდებლობით იკრძალება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს: დავაკავეთ პირი, რომელმაც ვარკეთილში ტექნიკის მაღაზია დანის მუქარით გაძარცვა

კომენტარები