გიორგი გაბუნიას საქმე

NGO-ები: გაბუნიას შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსული გეგმაა

0 კომენტარი
ფოტო: Facebook/ გიორგი გაბუნია

17 არასამთავრობო ორგანიზაციის შეფასებით, ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას "შესაძლო ლიკვიდაციის განზრახვა საქართველოს დესტაბილიზაციის რუსულ გეგმად უნდა შეფასდეს". NGO-ები ეხმაურებიან გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას მკვლელობის მომზადება ჩეჩნეთის ლიდერმა, რამზან კადიროვმა შეუკვეთა.

"აღმაშფოთებელია რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების გააქტიურება იმ პირების მიმართ, ვინც პუტინს მწვავედ აკრიტიკებს. საკითხს ის ფაქტი კიდევ უფრო ამძაფრებს, რომ რუსეთის ხელისუფლების მხრიდან შესაძლო ფიზიკური ლიკვიდაციის სამიზნე ჟურნალისტია და ეს ქმედება მისი გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ არის მიმართული. ეს ყოველივე ასევე მიზნად საქართველოში იმ მედიის წარმომადგენელთა თუ აქტივისტთა დაშინებას ისახავს, რომლებიც საზოგადოებას რუსეთის ოკუპაციის სიმძიმეს და საქართველოს მიმართ რუსეთის მთავრობის დამპყრობლურ პოლიტიკას მუდმივად ახსენებენ.

ამ ვერშემდგარი აქტის მიზანი, ასევე, სავარაუდოდ, ქვეყანაში საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევაც იყო, რაც პანდემიის ფონზე და ისედაც დაძაბულ წინასაარჩევნო გარემოში სიტუაციის უკიდურესი ესკალაციის მიზეზი შეიძლება გამხდარიყო. საქართველოს ტერიტორიაზე სხვა ქვეყნის წარმომადგენლების მხრიდან მსგავსი ოპერაციის დაგეგმვა და ჩატარება ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტში ჩარევადაც უნდა ჩაითვალოს.

საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის პარალელურად, რუსეთის მხრიდან გრძელდება მცოცავი ოკუპაცია ე.წ. ბორდერიზაციის გზით, რაც ჩვენი მოქალაქეებისათვის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ასევე საოკუპაციო ხაზთან, საოკუპაციო ძალების მხრიდან პერმანენტულ საფრთხეს წარმოადგენს. ხშირია მოქალაქეების გატაცებისა და მკვლელობის ფაქტები.

ბოლო წლებში საქართველოში  განსაკუთრებით გააქტიურებულია ანტიდასავლური პროპაგანდა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე დაუფარავად მოქმედებენ რუსეთის მთავრობისგან დაფინანსებული ულტრამემარჯვენე ჯგუფები. რუსული რბილი ძალიდან მომდინარე საფრთხეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ხაზს უსვამს თავის ანგარიშებში. ამ ფონზე ჟურნალისტის შესაძლო სამიზნედ ამოღება ქვეყნის უსაფრთხოების წინააღმდეგ და შესაძლო დესტაბილიზაციისკენ მიმართულ ქმედებად შეიძლება განვიხილოთ. 

ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების და მათ კონტროლ ქვეშ მყოფი პირების მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი მოქალაქეების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს" - ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას:

  • გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება, უზრუნველყოს მასში მეგობარი ქვეყნების ექსპერტების  ჩართულობა და სრული ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას დაგეგმილი დანაშაულის შესახებ.
  • აქტიური ნაბიჯები გადადგას საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რათა მსგავსი შემთხვევებისგან დაცულად ვგრძნობდეთ თავს.
  • მნიშვნელოვანია, რომ მთავრობამ მის ხელთ არსებული ყველა საშუალება გამოიყენოს და ამ ფაქტთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მიაწოდოს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, რათა მიაღწიოს დამკვეთთა, ორგანიზატორთა და შემსრულებელთა  წინააღმდეგ შესაბამისი ზომების გატარებას.

საქართველოს პარლამენტს

  • მისი კომპეტენციის ფარგლებში გამოიყენოს რეგლამენტით გათვალისწინებული ფორმატები და მოაწყოს მოსმენა აღნიშნული საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.
  • გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციები თხოვნით მიმართავენ საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, ყურადღებით მიადევნონ თვალი საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ახალი ფორმით გააქტიურებას.

განცხადების ხელმომწერები არიან - საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო, ღია საზოგადოების ფონდი, მედიის განვითარების ფონდი, საქართველოს რეფორმების ასოციაცია, საქართველოს ატლანტიკური საბჭო, საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი, საზოგადოება და ბანკები, ლიბერალური აკადემია თბილისი, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი, საქართველოს ფერმერთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი, საქართველოს გაეროს ასოციაცია, საფარი, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, მწვანე ალტერნატივა, ცენტრი "ემპათია".

2019 წლის ივლისში რუსთავი 2-ის მაშინდელმა წამყვანმა, გიორგი გაბუნიამ საავტორო გადაცემის, "პოსტსკრიპტუმის" მონოლოგში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს პირდაპირ ეთერში დედა აგინა. ამ საქციელისთვის კერძო ტელევიზიის წამყვანი ქართული ოცნების მაღალჩინოსნებმა იმავე დღეს დაგმეს. 

მოგვიანებით ფაქტს თავად პუტინი და ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვიც გამოეხმაურა. კადიროვი დაიმუქრა და თქვა, რომ "გაბუნია კარგად უნდა დაიმალოს". 

2020 წლის 15 ივნისს ტელეკომპანია ფორმულამ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 12 ივნისს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თბილისში, ქავთარაძის ქუჩაზე მიმდინარე სპეცოპერაციის დროს დაკავებული რუსეთის მოქალაქე გაბუნიას მოკვლას გეგმავდა. 

იმავე დღეს სპეციალურ ბრიფინგზე ეს ინფორმაცია მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამაც დაადასტურა და თქვა, რომ ამ კაცს გაბუნიას მკვლელობა რამზან კადიროვმა შეუკვეთა. 

საღამოს განცხადება გაავრცელა სუს-მაც. უწყებამ დაადასტურა, რომ რუსეთის მოქალაქე, ბრალდებული ვასამბეკ ბოკოვი შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ფარგლებში დააკავეს. სუს-ის ცნობით, კონტრტერორისტულმა ცენტრმა არაერთი ღია თუ ფარული საგამოძიებო მოქმედება ჩაატარა და შედეგად ბოკოვის ყალბი დოკუმენტის შეძენა-შენახვა-გამოყენების ფაქტი გამოავლინა. 

ამის შემდეგ, გიორგი გაბუნიას შესახებ ჩეჩნეთის ლიდერმა კიდევ ერთი მუქარის შემცველი განცხადება გაავრცელა. მისი თქმით, ქართველი ჟურნალისტი მუხლებზე უნდა დადგეს და პატიება ითხოვოს.

"ბატონებო, მერწმუნეთ, თუკი ვინმე მოქმედებს ჩემი ბრძანებით, ის მას შეასრულებს. ხოლო, თუ დავალება ჩუმად უნდა შესრულდეს, მაშინ ვერავინ და, მითუმეტეს, უძრაობაში მყოფი თქვენი ქვეყანა, ამის შესახებ ვერ გაიგებს". – წერს კადიროვი.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები