გიორგი შაქარაშვილის საქმე

მოწმის ადვოკატი: ექსპერტის ნათქვამმა გამიჩინა ეჭვი, რომ შაქარაშვილი მოკლულია

mcm.ge

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმის მოწმის ადვოკატი მზია ქასრაშვილი ამბობს, რომ ექსპერტის განცხადების შემდეგ, მას გაუჩნდა ეჭვი, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია. 

"ალექსანდრე გეჯაძე, რომელიც არის დამოუკიდებელი ექსპერტი, მან განაცხადა, რომ მას მიყენებული აქვს ბლაგვი საგნის მსგავსი დარტყმა, რომელიც მუშტს არ ჰგავს, უფრო ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა". – ამბობს ადვოკატი მთავარის პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე. 

მზია ქასრაშვილი ვახტანგ ახვლედიანის ადვოკატია. სწორედ ახვლედიანთან და კიდევ რამდენიმე ადამიანთან ერთად იყო გიორგი შაქარაშვილი, სანამ მათ თავს დაესხმებოდნენ. 

მზია ქასრაშვილის თქმით, თავდასხმის შემდეგ სამი ადამიანი გაიქცა. პირველი მირბოდა გიორგი შაქარაშვილი, მეორე ვახტანგ ახვლედიანი, ხოლო მესამე გიორგი ამირხანაშვილი. 

"ჩემი დაცვის წევრი ამბობს, რომ "სადაც კი ვიპოვე გზა, სადაც აღარ იყო ბეტონის ფილა, მაშინვე ჩავჭერი გზა. ანუ ციცაბო იყო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა იმიტომ, რომ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, უკან მოგვდევდა არაერთი მძიმე სუნთქვით და გინებით, ისინი არ მოგვდევდნენ გამარჯობის სათქმელად". ამიტომ, მათ თავის გადასარჩენად რამე უნდა გაეკეთებინათ. [ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს], "მე იქ ვიყავი დაახლოებით 30-35 წუთი და მესმოდა ხმები, სად წახვედით, გამოდით და გინება". 

სანამ ჩაჭრიდა [ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი გზას], მანამ დაინახა, რომ გიორგის მისდევდნენ. არაერთიო, ასე ამბობს". – თქვა მზია ქასრაშვილმა პრესკონფერენციაზე. 

დამოუკიდებელმა ექსპერტმა, ალექსანდრე გეჯაძემ, გადაცემა რეაქციაში, გიორგი შაქარაშვილის ცხედრის ექსპერტიზის შედეგებზე ისაუბრა. გეჯაძემ ხაზი გაუსვა, რომ ცხედარს მოტეხილობები არ ჰქონდა, თუმცა "იყო დაზიანებები სახის არეში, სხეულის სხვადასხვა მიდამოში მრავლობითი დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით, იყო გარკვეული ტრავმული ცვლილებები, ბლაგვი ხასიათის, შინაგანი გამოკვლევის პროცესშიც". ალექსანდრე გეჯაძის თქმით, გიორგი შაქარაშვილს "ეს დაზიანება შეიძლება მიეღო ნებისმიერ სიტუაციაში ბლაგვი ზემოქმედების მქონე საგნის თუ ფაქტორის გარკვეული სიძლიერით ზემოქმედების პირობებში".

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი ოთხდღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ. ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება". – აცხადებს შსს.

კომენტარები