გიორგი შაქარაშვილის საქმე

გომელაური შაქარაშვილის საქმეზე: ექსპერტიზის დასკვნით გამოჩნდება, საით წავა გამოძიება

0 კომენტარი

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის თქმით, 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეში, ყველა საგამოძიებო უწყება ჩართულია და ექსპერტიზის დასკვნას ელოდება. 

გომელაურმა დაღუპულის ოჯახსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ საქმეზე ბევრს ვერ ისაუბრებს, რადგან ჯერ ექსპერტიზის დასკვნა არ დევს.

"დასკვნის შემდეგ უკვე გამოჩნდება, თუ საით უნდა წავიდეს გამოძიება. დღეს ფაქტები რის საშუალებასაც გვაძლევს, ამ მიმართულებით წავედით. ყველა სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას ველოდებით. ყველა მიმართულებით მაქსიმალურად გახსნილები ვართ ადვოკატებთან. ოჯახის ადვოკატები ჩართულები არიან, აქედან გამომდინარე, სხვა თუ რაიმე ბრალდება აქვთ, შეუძლიათ პირდაპირ გვითხრან. ყველასთან მაქსიმალურად ვმუშაობთ". – ამბობს გომელაური. 

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

"თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე, ნარეკვავის დასახლების მიმდებარედ, ორგანიზებული ჯგუფის წევრები თავს დაესხნენ გზაზე მიმავალ მოზარდებს და მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი და მისი თანმხლები პირები, ძალადობის თავიდან აცილების მიზნით, მდინარე არაგვის მიმართულებით გაიქცნენ.

ორგანიზებული ჯგუფის წევრები, ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით, დაედევნენ გაქცეულებს, რომლებიც მიიმალნენ მდინარის კალაპოტის მიმდებარე ტერიტორიაზე. ანგარიშსწორების მიზნით, მოძალადეებმა განაგრძეს გიორგი შაქარაშვილისა და მისი თანმხლები პირების დევნა, რა დროსაც გიორგი შაქარაშვილი დევნისგან თავის დაღწევის მიზნით გაიქცა მდინარის კალაპოტის მიმართულებით, ხოლო მისი მეგობარი, 2001 წელს დაბადებული გ. ა. იპოვეს და უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება". – აცხადებს შსს.

 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

თავისუფლების ინსტიტუტის დოკუმენტური ფილმი "გავრილოვის ღამე", ნაწილი II - "დარბევა"

კომენტარები