გიორგი შაქარაშვილის საქმე

შაქარაშვილის ბიძა: მოწმეები სიმართლეს რომ ამბობდნენ, საქმე ბოლოში იქნებოდა გასული

0 კომენტარი

"არავის ნდობა არ მაქვს და არც ერთს არ ვენდობი, ვგულისხმობ ამ მოწმეების ბანდას" - ამის შესახებ 19 წლის გიორგი შაქარაშვილის ბიძამ, ადვოკატმა მირიან ნიკოლაძემ TV იმედს უთხრა. ის პრობლემად თვლის მოწმეების - გიორგი შაქარაშვილის მეგობრების - რამდენჯერმე შეცვლილ და ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს.

"მოწმეები და ბრალდებულები სიმართლეს რომ იძახდნენ, აქამდე გამოძიება ბოლოში იქნებოდა გაყვანილი. მთელი ამ გამოძიების პრობლემა არის ის, რომ ვერ ვიგებთ სიმართლეს მოწმეების და ბრალდებულების ჩვენებების გამო, ვინც არაფერს იძახის, შესაძლოა, თავის თავს აფარებს ხელს, შესაძლოა, ნაცნობს და მეგიბარს აფარებს ხელს" - ამბობს მირიან ნიკოლაძე.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ექსპერტიზის შედეგი სავარაუდოდ რამდენიმე დღეში უნდა გახდეს ცნობილი. გარდაცვლილის ბიძა ამბობს, რომ არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს, თუმცა, "პირველი ვერსია არის განზრახ მკვლელობა, შემდეგია სხვა ვერსიები".

"კომპლექსურად უნდა მოვიდეს ყველაფერი, მანდ ერთ კითხვაზე პასუხი რომ იყოს, ვთქვათ, ბავშვი წყალშია დამხრჩვალი თუ არ არის, ეს რას სცემს პასუხს საერთოდ? თუ წყალშია დამხრჩვალი, შეიძლება, ვიღაცამ ჩაიყვანა და დაახრჩო. არაფრის გამორიცხვა ამით არ ხდება. ასე რომ, რა პასუხიც არ უნდა მოვიდეს დახრჩობის ფაქტთან დაკავშირებით, ძალაში რჩება ერთერთ სერიოზულ და ძირითად ვერსიად განზრახ მკვლელობა, ამაზე ორი აზრი არ არის. ვინ თქვა, რა ილუზიებს ქმნიან, რა ლეგენდებს ყვებიან, რომ განზრახ მკვლელობა გამორიცხულია და საერთოდ ამოიწურა ამაზე საუბარი? პირიქით, პირველი ვერსია არის ეგ, შემდეგია სხვა ვერსიები" - ამბობს ნიკოლაძე TV იმედის ეთერში.

19 წლის გიორგი შაქარაშვილის ცხედარი 4-დღიანი ძებნის შემდეგ 22 ივნისს, მდინარე არაგვში იპოვეს. მისი სიკვდილის მიზეზისა და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით ჩატარებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის შედეგები ჯერჯერობით უცნობია. საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული თავისუფლების უკანონო აღკვეთის, ძალადობის და ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით.

გიორგი შაქარაშვილი სიკვდილამდე მცხეთაში, მეგობრის დაბადების დღეზე იყო. აგარაკზე იუბილარის მეგობრებსა და უბნელებს შორის კონფლიქტი მოხდა, თუმცა, როგორც თვითმხილველები ჩვენებებში წერენ, ჩხუბში შაქარაშვილი არ მონაწილეობდა.

გამოძიების ინფორმაციით, აგარაკზე მომხდარი კონფლიქტის შემდეგ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი თბილისში დაბრუნდა და "ჯგუფური ძალადობა დააორგანიზა".

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

შსს-მ 500 000 ლარის ნარკოტიკები ამოიღო და ორი ადამიანი დააკავა

კომენტარები