რუსეთი

დამოუკიდებელი დამკვირვებლები: რუსეთში რეფერენდუმი უპრეცედენტო დარღვევებით ჩატარდა

http://kremlin.ru/

დამოუკიდებელი დამკვირვებლები და მეცნიერები ამბობენ, რომ რუსეთში ჩატარებული საკონსტიტუციო რეფერენდუმი უპრეცედენტო დარღვევებით ჩატარდა.

რუსეთის ცესკოს მიხედვით რეფერენდუმში მონაწილეობა ამომრჩეველთა 65%-მა მიიღო და მათგან 77.92% ცვლილებებს ემხრობა, 21.27% კი წინააღმდეგია. ისინი ირწმუნებიან, რომ რეფერენდუმი სერიოზული დარღვევების გარეშე ჩატარდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ კანონი თავად ცესკომ დაარღვია, როდესაც წინასწარი შედეგები უბნების დახურვამდე გამოაცხადა.

პარალელურად, ოპონენტები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რეფერენდუმის შედეგებს არ აღიარებენ.

არასამთავრობო ორგანიზაცია Golos-ში ამბობენ, რომ დარღვევების თაობაზე მათთან 2 100-ზე მეტი საჩივარი შევიდა და მსგავსი მასშტაბის დარღვევები საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არ ყოფილა.

კორონავირუსის გამო წახალისებული იყო სახლიდან, ან სამსახურიდან ხმის მიცემა, ასევე ონლაინ ხმის მიცემა. Golos-ში ამბობენ, რომ შედეგად უბნებზე ბიულეტენები მიჰქონდათ და ამბობდნენ, რომ ეს სახლიდან მიცემული ხმები იყო. ასევე მრავლად დაფიქსირდა ფაქტები, როდესაც ბიულეტენები უბნებზე მთელი ღამით, დამკვირვებლების გარეშე დატოვეს.

რუსი ფიზიკოსი, სეგეი შპილკინი, რომელიც გასული წლების არჩევნებსაც აკვირდებოდა, ამბობს, რომ ამჯერად დარღვევები 2018 და 2011 წლებში გამოვლენილს ბევრად აღემატებოდა.

შპილკინმა რეფერენდუმის შედეგები გააანალიზა. ის ამბობს, რომ გაყალბების საუკეთესო ინდიკატორი უჩვეულოდ მაღალი აქტივობის დაფიქსირებაა. იმ უბნებზე, სადაც საშუალოზე ბევრად მაღალი აქტივობა იყო, ამომრჩეველთა უმეტესობამ მხარი ცვლილებებს დაუჭირა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მათ აიძულეს რეფერენდუმში მონაწილეობის მიღება, ან საარჩევნო ყუთებში გაყალბებული ბიულეტენები ჩაყარეს. მსგავსი სიტუაციაა, მაგალითად, ჩეჩნეთში, სადაც აქტივობა 95% იყო, რეფერენდუმში მონაწილეთა 97%-მა კი ცვლილებებს მხარი დაუჭირა. ყველა იმ უბანზე, სადაც უჩვეულოდ მაღალი აქტივობა დაფიქსირდა, ცვლილებების მხარდაჭერა მაღალი იყო.

მაგალითისათვის, მოსკოვის ერთ-ერთ გარეუბანში, იმ უბანზე, სადაც Reuters-ს დამკვირვებლები ჰყავდა, აქტივობა 43% იყო, ხოლო იმ უბნებზე, სადაც არ ჰყოლია –85-დან 87%-მდე.

რუსეთის ერთადერთი რეგიონი, სადაც ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს, ნენთა ავტონომიური ოლქი აღმოჩნდა.

შპილკინმა რუსულ ფორბსს განუცხადა, რომ 22 მილიონამდე ხმა, ანუ ყოველი 4 ხმიდან 1 – გაყალბებულია.

ის წერს, რომ რეალური აქტივობა არა 65%, არამედ 44%-ია და ამათგან ცვლილებებს მხარს 65% უჭერს. გამოდის, რომ სულ საკონსტიტუციო ცვლილებებს რუსეთის ამომრჩეველთა მხოლოდ 29%, ანუ 31 მილიონი ადამიანი უჭერს.

მსგავსი პროგნოზები ჰქონდათ რეფერენდუმამდე ლევადა ცენტრშიც, სადაც გამოკითხვების საფუძველზე ამბობდნენ, რომ ცვლილებებს მხარს რუსეთის მოსახლეობის 40% უჭერდა, თუმცა, იმის გათვალისწინებით, თუ ვინ აპირებდა რეფერენდუმში მონაწილეობის მიღებას, მოსალოდნელი იყო, რომ მომხრეთა რაოდენობა 55%-მდე იქნებოდა.

თუმცა, კრემლს სურდა რეფერენდუმით ცვლილებებისთვის ლეგიტიმურობა შეეძინა. მედიის მიხედვით, ადგილობრივ მთავრობებს დაევალათ, სულ მცირე, 55%-იანი აქტივობის უზრუნველყოფა. The Moscow Times-ი წერდა, რომ ექიმებს, კერძო და საჯარო სექტორის თანამშრომლებს მოუწოდებდნენ და, ზოგ შემთხვევაში, აიძულებდნენ მონაწილეობა მიეღოთ რეფერენდუმში და მხარი დაეჭირათ ცვლილებებისთვის.

პარალელურად, კრემლი ცდილობდა, ყურადღება გადაეტანა იმ ფაქტიდან, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების მიზანი პუტინისათვის საპრეზიდენტო ვადების განულება და იმის უზრუნველყოფა იყო, რომ მას კიდევ ორი ვადით შესძლებოდა პრეზიდენტის პოსტის დაკავება. სანაცვლოდ, ისინი სხვა საკითხებზე ამახვილებდნენ ყურადღებას, როგორიცაა სოციალური დახმარების გაზრდა და ერთნაირსქესიანთა ქორწინების კონსტიტუციით აკრძალვა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის საზოგადოებრივი აზრის კვლევის ცენტრის მაისის გამოკითხვის მიხედვით, პუტინისადმი ნდობა რუსეთის მოქალაქეთა მხოლოდ 28%-ს ჰქონდა. ორი წლის წინ ნდობის მაჩვენებელი 47%-ზე იყო.

კომენტარები