რუსეთი

რუსეთში "ექიმების ალიანსის" პრესმდივანი დააკავეს და ჯარში იძულებით გაიწვიეს

imag.one

რუსეთში სამედიცინო მუშაკების პროფკავშირის, "ექიმების ალიანსის" პრესმდივანი, ივან კონოვალოვი დააკავეს და არხანგელსკში იძულებით გაიწვიეს სამხედრო სამსახურში. ინფორმაცია კონოვალოვის დაკავების შესახებ პროფკავშირის თავჯდომარემ, ანასტასია ვასილიევამ მიაწოდა MBKh Media-ს.

"ის ტულაში პარასკევს დააკავეს, როდესაც დედამისთან ერთად მგზავრობდა. [...] ის მოსკოვში იყო რეგისტრირებული და გაწვევა არ მიუღია, უბრალოდ აიყვანეს, ჩაუტარდა სამედიცინო შემოწმება. მასთან კონტაქტი დავკარგეთ, არ ვიცოდით სად იყო, შემდეგ მოვახერხეთ გაგვეგო, რომ იმავე დღეს არხანგელსკში მიფრინავდა". – განაცხადა ვასილიევამ.

ვასილიევას განმარტებით, კონოვალოვის ნათესავებმა და თანამშრომლებმა ის აეროპორტში გააცილეს. "ჩვენ არ ვეწინააღმდეგებით იმას, რომ მან ჯარში იმსახუროს, მაგრამ არა ამ სახით. COVID-19-ზე ტესტირება ახლა სავალდებულოა, მაგრამ არც ჰეპატიტზე, არც აივ ინფექციაზე და არც სიფილისზე არ შეუმოწმებიათ". – დაამატა ვასილიევამ.

პროფკავშირი "ექიმების ალიანსი" 2018 წელს ოპოზიციონერი ლიდერის, ალექსეი ნავალნის დახმარებით დაარსდა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებული პირი დააკავეს და იძულებით ჯარში გაიწვიეს.

ივნისში ნავალნის ანტიკორუფციის ფონდის თანამშრომელი, არტიომ იონოვიც დააკავეს და ჯარში გაიწვიეს. ფონდის ინფორმაციით, იონოვი სამხედრო სამსახურისთვის შეუფერებელია, მას ასთმა აქვს. იონოვი ჩუკოტკაზე გაანაწილეს.

2019 წლის დეკემბერში ანტიკორუფციული ფონდის პროექტების მენეჯერი, რუსლან შავედინოვი დააპატიმრეს და ჯარში გაიწვიეს და ახალი მიწის არქიპელაგზე გამწესეს. ფონდის განცხადებით, შავედინოვი გაიტაცეს, თუმცა სამხედრო კომისარიატი მის გაწვევას კანონიერად მიიჩნევს.

კომენტარები