ბელარუსი-რუსეთი

კრემლი ბელარუსს მოუწოდებს, გაათავისუფლოს დაქირავებული რუსი სამხედროები

0 კომენტარი
დმიტრი პესკოვი ფოტო: Reuters

კრემლი ბელარუსს მოუწოდებს, გაათავისუფლოს კერძო რუსული სამხედრო კომპანიის Wagner-ის მებრძოლები, რომლებიც მიმდინარე კვირას ტერორისტული აქტების დაგეგმვის ბრალდებით დააკავეს.

რუსეთი ოფიციალური მინსკისგან რუსეთის მოქალაქეების დაკავებაზე განმარტებას მოითხოვს.

"რუსეთის 33 მოქალაქის უსაფუძვლო დაკავება მოკავშირესთან ჩვენი ურთიერთობისთვის შეუფერებელია. ამიტომ იმედი გვაქვს, რომ ბელარუსი განმარტავს ინციდენტის ხასიათს და უახლოეს მომავალში ჩვენს მოქალაქეებს გაათავისუფლებენ". - თქვა კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა.

კრემლთან კავშირების მქონე კერძო რუსული სამხედრო კომპანია ვაგნერის მებრძოლები ბელარუსში 29 ივლისს დააკავეს. ბელარუსის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს ცნობით ქვეყანაში 200-მდე ბოევიკი საპრეზიდენტო არჩევნების წინ გარემოს დესტაბილიზაციისათვის შეგზავნეს.

ბელარუსის ოფიციალური პირების თქმით, დაკავებულთაგან 14 ნამყოფი იყო დონბასის რეგიონში, სადაც დაქირავებული რუსი სამხედროები რუსეთის მიერ მხარდაჭერილ სეპარატისტებთან ერთად იბრძვიან. დაკავების შემდეგ ბელარუსმა გამოაცხადა, რომ რუსეთის საზღვარზე უსაფრთხოების ნორმებს გაამკაცრებს. ასევე გამკაცრდება კონტროლი საჯარო თავშეყრის ღონისძიებებზე.

ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ თქვა, რომ რუსეთისაგან განმარტებას მოითხოვენ. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს რუსეთის ელჩი.

რუსეთის მთავრობა ვაგნერთან კავშირს უარყოფს, თუმცა ვაგნერი დაკავშირებულია ევგენი პრიგოჟინთან, რომელიც პუტინის მზარეულადაა ცნობილი. ვაგნერის მებრძოლები ამ დროისთვის კონფლიქტის რამდენიმე ზონაში იმყოფებიან, მათ შორის სირიაში, ლიბიასა და ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჯგუფის ლიდერია დმიტრი უტკინი, რომელიც რუსეთის სპეცრაზმში და 2013 წლამდე მთავარ სადაზვერვო სამმართველოში (GRU) მსახურობდა. მიუხედავად იმისა, რომ კრემლი მათთან კავშირს უარყოფს, ჯგუფის წევრები წვრთნებს მოლკინოს საწვრთნელ ბაზაზე ატარებენ. აქვეა რუსეთის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (GRU) სპეცრაზმის მეათე ბრიგადის მთავარი ბაზაც.

9 აგვისტოს ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. დიდი ალბათობით ვაგნერის მებრძოლების დაკავება სწორედ ამას უკავშირდება. წინა დღეებში, ძალოვან სტრუქტურებთან გამართული შეხვედრის დროს პრეზიდენტმა ლუკაშენკომ განაცხადა, რომ "მისმა მოწინააღმდეგეებმა, შესაძლოა, შექმნან ბოევიკთა ჯგუფები, რათა მოედანზე სისხლისღვრა მოაწყონ".

24 ივლისს ერთ-ერთ სამხედრო ნაწილში ვიზიტისას ლუკაშენკომ თქვა, რომ მიმდინარე საპროტესტო აქციებს, შესაძლოა, ვაგნერის მებრძოლები შეუერთდნენ. "თუ ადგილობრივები არ იქნებიან საკმარისი რაოდენობით, მაშინ ვაგნერის მებრძოლებს მოუხმობენ. ისინი არიან პროფესიონალი მებრძოლები, ბანდიტები, რომლებსაც სპეციალურად ამზადებენ ძირითადად ვაგნერის სტრუქტურაში. ისინი მთელ მსოფლიოში მოგზაურობენ და პროვოკაციების მოწყობით დიდ ფულს შოულობენ". – განაცხადა ლუკაშენკომ.

წინა თვეში ლუკაშენკო რამდენჯერმე გამოეხმაურა რუსეთის შესაძლო ჩარევას ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში და განაცხადა, რომ გარკვეულ უცხო ძალებს ქვეყანაში "მაიდანის" მოწყობა უნდათ. 

ბელარუსის სახელმწიფო უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, ივან ტერტელმა განაცხადა, რომ ასეთი ძალები, შესაძლოა, გაზპრომში ან კიდევ უფრო მაღალ ეშელონებში არიან. 

მინსკში საპროტესტო აქციები ოპოზიციური კანდიდატებისთვის არჩევნებში მონაწილეობაზე უარის თქმის გამო დაიწყო. პოლიციამ 250-ზე მეტი მომიტინგე დააკავა. ბელარუსის ცესკომ უარი უთხრა საპრეზიდენტო კანდიდატებად დარეგისტრირებაზე ოპოზიციონერებს: ვალერი ცეპკალოს, ვიქტორ ბაბარიკოს და სერგეი ტიხანოვსკის. ბაბარიკო და ტიხანოვსკი დაპატიმრებულები არიან. ვიქტორ ბაბარიკო - ფინანსური დანაშაულებების ბრალდებით, ხოლო სერეგი ტიხანოვსკი - საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისთვის. ოპოზიციონერმა ლიდერმა ვალერი ცეპკალომ ბელარუსი დატოვა. ცეპკალომ გადაწყვეტილება ქვეყნის დატოვების შესახებ მას შემდეგ მიიღო, რაც მისთვის ცნობილი გახდა, რომ მისი დაპატიმრება იგეგმებოდა.

ლუკაშენკო ქვეყანას 1994 წლიდან მართავს და სურს, პრეზიდენტის პოსტზე მეექვსე ვადით დარჩეს.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

ძალადობა და დაჭრა - ირანის მოქალაქეებზე თავდასხმისთვის თბილისში ორი პირი დააკავეს (ვიდეო)

კომენტარები