ჰონგ-კონგი

ჰონგ-კონგში, უშიშროების ახალი კანონის ფარგლებში, პროდემოკრატიული მედია მაგნატი დააპატიმრეს

ჯიმი ლაი
EPA

ჰონგ-კონგში მედია მაგნატი, ჯიმი ლაი უცხოურ ძალებთან თანამშრომლობისთვის დააპატიმრეს. მედია მაგნატს ბრალდებები ახალი უშიშროების კანონის ფარგლებში წაუყენეს.

ასევე, დააპატიმრეს ჯიმი ლაის ორი შვილი და ლაის კუთვნილი მედია კომპანიის, Next Digital-ის ორი აღმასრულებელი თანამშრომელი. პოლიციამ გაჩხრიკა ლაის დაარსებული გაზეთის Apple Daily-ს ოფისი.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც პროდემოკრატიულ ბიზნესმენს პოლიციასთან პრობლემები შეექმნა. თებერვალში ჯიმი ლაის არალეგალური შეკრებისა და დაშინებისთვის წარუდგინეს ბრალი, თუმცა გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

ჯიმი ლაი ცნობილია თავისი პროდემოკრატიული განწყობით. ის აქტიურად უჭერდა მხარს გასულ წელს ჰონგ-კონგში დაწყებულ საპროტესტო აქციებს. ლაის კუთვნილი გაზეთი Apple Daily აქტიურად აკრიტიკებს, როგორც ჰონგ-კონგის, ასევე კონტინენტური ჩინეთის მთავრობას. უშიშროების ახალი კანონის მიღების შემდეგ, ჯიმი ლაიმ განაცხადა, რომ ჰონგ-კონგი ისეთივე კორუმპირებული გახდებოდა, როგორც ჩინეთი.

1997 წელს დიდმა ბრიტანეთმა ჩინეთს ჰონგ-კონგი იმ პირობით დაუბრუნა, რომ იმოქმედებდა “ერთი ქვეყანა, ორი სისტემის” პირობები, რაც ჰონგ-კონგს დანარჩენ ჩინეთთან შედარებით, მნიშვნელოვან ავტონომიას ანიჭებდა. ჰონგ-კონგი სარგებლობდა ისეთი პრივილეგიებით, როგორებიც იყო შეკრების და გამოხატვის თავისუფლება, თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი სასამართლო. 

თუმცა უშიშროების ახალი კანონი, რომელიც 30 ივნისს მიიღეს, მნიშვნელოვნად ზღუდავს ჰონგ-კონგის ავტონომიას და ამარტივებს დემონსტრაციებში მონაწილეების დაპატიმრებასა და დასჯას.

კანონის ფარგლებში ეროვნული უშიშროებისთვის საფრთხის შექმნა სამუდამო პატიმრობით შეიძლება დაისაჯოს. ეროვნული უშიშროების საქმეებად მიიჩნევა სეცესია, ხელისუფლების დამხობა, ტერორისტული აქტები და უცხო ქვეყნებთან თანამშრომლობა, რომელიც ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს საფრთხეს უქმნის.

ჩინეთის უშიშროების ორგანოებს ეძლევათ ძალაუფლება, საკუთარი იურისდიქცია გაავრცელონ მათ მიერ შერჩეულ საქმეებზე. განსაზღვრული არ არის კრიტერიუმები, რომლითაც ეს საქმეები შეირჩევა.

ჰონგ-კონგში შეიქმნა ეროვნული უშიშროების ოფისი, რომელიც ჰონგ-კონგის პოლიციას ზედამხედველობას გაუწევს. ოფისი ჩინეთს საშუალებას აძლევს პირდაპირ აწარმოოს ჩინეთში უშიშროების ახალი კანონით გათვალისწინებული დანაშაულებების გამოძიება და უზრუნველყოს კანონის აღსრულება.

ვრცლად, უშიშროების ახალი კანონების შესახებ წაიკითხეთ სტატიაში – ერთი ქვეყანა, ერთი სისტემა - ჰონგ-კონგის ავტონომიის დასასრულის დასაწყისი.

კომენტარები