სუროგაცია

წყვილი სუროგაციით სარგებლობას მხოლოდ 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს

წყვილს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით (სუროგაცია) სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ქორწინებაშია ან ერთად ცხოვრობს. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შედის. ბრძანების მიხედვით, განაყოფიერებამდე ნოტარიულად დადებული ხელშეკრულების მხარე შეიძლება იყოს "ქალისა და მამაკაცისაგან შემდგარი წყვილი, რომლის მიზანს წარმოადგენს ექსტრაკორპორული გზით დაბადებული ბავშვის აღზრდა" თუ ისინი: 

  • იმყოფებიან ქორწინებაში და ქორწინებიდან გასულია, სულ მცირე, 1 წელი;
  • იმყოფებიან ფაქტობრივ თანაცხოვრებაში, სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში. ქალისა და მამაკაცის ფაქტობრივ თანაცხოვრებაში ყოფნის ფაქტი ნოტარიუსის წინაშე უნდა დადასტურდეს შესაბამისი დოკუმენტებით (საინფორმაციო-სამისამართო ბარათი, რომლითაც დასტურდება ერთ მისამართზე რეგისტრაციის ფაქტი, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება საერთო სარგებლობისთვის გამიზნულ ქონებაზე თანამესაკუთრეობის ფაქტი, რელიგიური ქორწინების დამადასტურებელი საბუთი ან სხვა).

თეა წულუკიანის ხელმოწერილი ბრძანება პირველ სექტემბერს ამოქმედდება.

სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესის მე-19 მუხლის მიხედვით, ექსტრაკორპორულ განაყოფიერებამდე სანოტარო წესით დამოწმებული ხელშეკრულება იდება ბავშვის გამჩენ ქალსა და გენეტიკურ მშობლებს შორის, ან ბავშვის გამჩენ ქალს, გენეტიკურ მშობელს, დაბადების აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად ჩასაწერ პირსა (რომელიც არ არის ბავშვის გენეტიკური მშობელი) და დონორს შორის, ან ბავშვის გამჩენ ქალს, წყვილსა და დონორებს შორის.

ამავე წესის მიხედვით, ექსტრაკორპორული განაყოფიერების შედეგად დაბადებული ბავშვის მშობლებად მიიჩნევიან:

  • გენეტიკური მშობლები;
  • გენეტიკური მშობელი და ხელშეკრულების საფუძველზე დაბადების აქტის ჩანაწერში მშობლად ჩასაწერი პირი;
  • წყვილი.

დაბადების სამოქალაქო აქტის ჩანაწერში ბავშვის მშობლად დონორის ან სუროგატული დედის მითითება დაუშვებელია.

კომენტარები