სუროგაცია

ჯანდაცვა: 2024-დან სუროგაციის, ინვიტროსა და ინსემინაციის მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2024 წლის იანვრიდან სუროგაციასთან, ინვიტრო განაყოფიერებასა და ინსემინაციასთან დაკავშირებული მონაცემები ერთიან რეესტრში აისახება.

"სამედიცინო დაწესებულება, სადაც აღნიშნული პროცედურები ტარდება, ვალდებული ხდება, გამოყენებული ქსოვილების, უჯრედების, ემბრიონების, ასევე კონტაქტში მყოფი მასალების თუ პირების შესახებ ინფორმაცია ერთიან ეროვნულ რეესტრში განათავსოს". - აღნიშნავს სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, აქამდე სამედიცინო დაწესებულებებს მსგავსი ვალდებულება არ ჰქონიათ, რაც პროცესის ზედამხედველობას ართულებდა და სამედიცინო მასალების მიკვლევას შეუძლებელს ხდიდა.

"ერთიანი რეესტრის საჭიროება კიდევ უფრო გამოიკვეთა ბოლო წლებში, როდესაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის - საქართველოში, რეპროდუქციის მიზნებისთვის მედიცინას სულ უფრო მეტი ადამიანი მიმართვას. თუ 2018 წელს მხოლოდ სუროგაციის გზით დაბადებულ ახალშობილთა რიცხვი, დაახლოებით, 500 იყო, 2022 წელს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა და 1000-ს გადააჭარბა". - ვკითხულობთ ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი რეესტრის ამოქმედება ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების მოთხოვნებთან შესაბამისობით ინიცირებული, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ კანონპროექტის ერთ-ერთი წინაპირობაა.

სამინისტროს ინფორმაციითვე, დღეის მდგომარეობით დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიებით სერვისს 19 დაწესებულება ახორციელებს.

კომენტარები