სუროგაცია

მთავრობის ამოცანები გასაგებია... არის თუ არა სუროგაცია ერთმნიშვნელოვანი?

სუროგაცია

მთავრობის ამოცანები გასაგებია... არის თუ არა სუროგაცია ერთმნიშვნელოვანი?

ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის თქმით, სუროგაციის გზით საქართველოდან "ქართული გენი გადის". 

5 წლის წინ ჯამში სუროგაციითა და დონაციით ბავშვების დაბადების 1 000-მდე შემთხვევა იყო, დღეს წელიწადში 2 000-მდე შემთხვევაა, "დამკვეთები" კი ძირითადად უცხო ქვეყნების მოქალაქეები არიან. ამ სტატისტიკურ ინფორმაციაზე ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მას შემდეგ ისაუბრა, რაც მთავრობამ ქვეყანაში სუროგაციისა და დონაციის რეგულირების ახალი ინიციატივა წარადგინა და თქვა, რომ ქვეყანაში კომერციული ხელოვნური განაყოფიერება აიკრძალება, კანონიერი ალტრუისტული სუროგაციით სარგებლობას კი - მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ "ბევრი სპეკულაციის, მითქმა-მოთქმისა და განსჯის გამო", შეეცდებიან, პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტის დაჩქარებული წესით მიღება მოითხოვონ, რადგან სუროგაცია ძალიან მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა. 

სუროგაცია აზრთა სხვადასხვაობას იწვევს და ნამდვილად სენსიტიური თემაა, მაგრამ, ამავდროულად, ჯანდაცვის მინისტრის გულისტკივილი ქსენოფობიურ მიმართებას უფრო ემსგავსება, როცა მისთვის მთავარ პრობლემად უცხოური დამკვეთები და, შესაბამისად, "გენების გადინება" სახელდება (მითუმეტეს, თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ გესტაციური სუროგაციის შემთხვევაში (ანუ, მაშინ, როცა ბავშვის გენეტიკური მშობლები არიან პოტენციური მშობელი/მშობლები ან დონორი/დონორები) სუროგატი დედა ბავშვთან გენეტიკურად დაკავშირებული არ არის). 

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრი აღნიშნავს, რომ არსებობს მაღალი რისკები უკანონო გაშვილებასა და ორგანოებით ვაჭრობასთან დაკავშირებით, თუმცა მთავრობას კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია. 

საქართველოს მთავრობის ინიციატივა რუსეთის სუროგაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის ცვლილებების მიზეზებს ზედმიწევნით იმეორებს და შეიძლება ითქვას, რომ ეს რიტორიკა რუსულ თარგზეა შეკერილი.

რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატამ 2022 წლის 8 დეკემბერს კანონპროექტი მიიღო, რომელიც უცხოელებს რუსეთში სუროგატი დედების მომსახურების მიღებას აუკრძალავს. სახელმწიფო სათათბიროს მიერ მიღებული კანონპროექტი ადგენს, რომ სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობა მხოლოდ რუსეთის დაქორწინებულ მოქალაქეებს ან მარტოხელა რუს ქალებს შეეძლებათ, რომლებსაც ბავშვის გაჩენა სამედიცინო მიზეზების გამო არ შეუძლიათ. კომერციული სუროგაცია რუსეთში ლეგალურია, მაგრამ რელიგიური ჯგუფები მას აკრიტიკებენ და დანაშაულსა და ცოდვასთან აიგივებენ.

რუსეთის პარლამენტის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა თქვა, რომ გადაწყვეტილება რუსი ბავშვების დასაცავად მიიღეს. მისივე თქმით, "ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში" სუროგატი დედების მიერ დაბადებული, დაახლოებით, 45 000 ბავშვი საზღვარგარეთ წაიყვანეს. 

კანონპროექტის მომხრეები სუროგაციას ბავშვთა ვაჭრობასა და ორგანოებით ვაჭრობას უკავშირებენ. ამასთან ერთად, ისინი ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ სუროგაციასაც აკრიტიკებენ და ეწინააღმდეგებიან. მიმდინარე წლის 11 ივნისს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სუროგაციის შესახებ ინიციატივაზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავრობას სურს, რომ ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის იყოს დაშვებული. მისივე თქმით, ამ საკითხის რეგულირების გარეშე დატოვება "შემაშფოთებელია", რადგან არსებობს ინფორმაცია, რომ საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვები, შეიძლება, "ერთნაირსქესიან წყვილებს გაჰყავდეთ".

საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ბოლო დროს შეიმჩნევა ანტიდასავლური რიტორიკა, რომელსაც თან ერთვის განსაკუთრებული და ცხადი წინააღმდეგობა სექსუალური და გენდერული უმცირესობების მიმართ. გასაკვირი არ არის, რომ სუროგაციასთან მიმართებით “შეშფოთებაც” საქართველოში სუროგაციით დაბადებული ბავშვების ერთნაირსქესიანი წყვილების მიერ გაყვანას უკავშირდება და არა სხვა ეთიკურ პრობლემებს, რომელიც სუროგაციას ახლავს თან. 

პარლამენტის ბიურომ უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი - "მედიცინის დახმარებით რეპროდუქციის შესახებ".

ახალი რეგულაცია შეეხება როგორც სუროგაციასა და დონაციას, ისე ინვიტრო განაყოფიერებას. ინ ვიტრო განაყოფიერება უშვილობის მკურნალობის დამხმარე მეთოდია, რომლის დროსაც ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების შერწყმა ორგანიზმის გარეთ ხდება, მიღებული ემბრიონი კი, ქალის საშვილოსნოში ინერგება. ხოლო სუროგაციის დროს სინჯარაში გაზრდილი ემბრიონები გადააქვთ არა გენეტიკური დედის, არამედ სპეციალურად მომზადებული სუროგატი დედის საშვილოსნოში, რომელიც მას დაბადებამდე მუცლით ატარებს. 

როგორც წესი, სუროგაციით ის წყვილები ან ინდივიდები სარგებლობენ, რომლებსაც სხვადასხვა სამედიცინო თუ პირადი მიზეზით შვილის ყოლა არ შეუძლიათ. ამავდროულად, სუროგაციას ხშირად ერთნაირსქესიანი წყვილებიც მიმართავენ, რომლებსაც ბიოლოგიური შვილის ყოლა სურთ.

ხშირად ისმის კითხვა - არის თუ არა სუროგატი დედა იმ ბავშვთან გენეტიკურად დაკავშირებული, რომელსაც მუცლით ატარებს.  არსებობს სუროგაციის განსხვავებული ფორმები, მათ შორისაა ტრადიციული სუროგაცია, რა შემთხვევაშიც სუროგატი ქალი ბავშვის გესტაციური და ბიოლოგიური დედაა. სუროგაციის ამ ფორმის გამოყენებისას პასუხი ცხადია - ბავშვისა და სუროგატი დედის გენეტიკური კავშირი კი ეჭვგარეშეა. 

გესტაციური სუროგაციის დროს ბავშვის გენეტიკური მშობლები არიან პოტენციური მშობელი/მშობლები ან დონორი/დონორები, თუმცა, მუცლად ყოფნის პერიოდში სუროგატის დნმ-ს ბავშვზე მცირეოდენი გავლენა მაინც შეიძლება ჰქონდეს. კვლევების მიხედვით, სუროგატის უჯრედებს შეუძლიათ ბავშვის პლაცენტაში შეღწევა, თუმცა მათი ზემოქმედება იმდენად უმნიშვნელოა, რომ რთულია მის გამოვლენაზე საუბარი - შესაბამისად, იმისი თქმა, რომ გესტაციური სუროგაციით დაბადებული ბავშვი ქვეყნიდან "გენს გაიტანს", სულ მცირე, ოდნავ გადამეტებულია.

არსებობს როგორც კომერციული, ისე ალტრუისტული სუროგაცია:

კომერციული სუროგაცია პირდაპირი გაგებით სუროგატი დედის დაქირავებაა მისი საშვილოსნოს გამოყენების მიზნით და იმ საერთო ცოდნით, რომ მშობიარობის დასრულების მომენტიდან ის დაბადებულ ბავშვს პოტენციურ მშობლებს გადასცემს. კომერციული სუროგაციის მთავარი ელემენტი ფულადი ანაზღაურებაა. 

ალტრუისტული სუროგაციისას სუროგატი დედა ბავშვის საშვილოსნოში გამოზრდასა და მშობიარობის შემდეგ მისი პოტენციური მშობლებისთვის გადაცემას ანაზღაურების გარეშე თანხმდება. ეს გადაწყვეტილება კი, ხშირ შემთხვევაში, მორალური შეხედულებებითაა გამოწვეული. თუმცა, ალტრუისტული სუროგაციის დროს იმ ხარჯების ანაზღაურება, რაც სამედიცინო პროცედურებისა და მედიკამენტური მკურნალობისათვისა საჭირო, გამორიცხული არ არის. 

იმ ქვეყნებში, სადაც კომერციული სუროგაციაა დაშვებული, სუროგატ დედებს სოლიდურ თანხას უხდიან. დღესდღეობით სუროგაცია ყველაზე გავრცელებულ რეპროდუქციულ ტექნოლოგიად ითვლება, რომელიც მილიონობით მსურველისათვისაა ხელმისაწვდომი. თუმცა, მიუხედავად ამისა, სუროგაციის რეგულირების უნიფიცირებული მოდელი არ არსებობს. სუროგაციის კომპლექსურობიდან გამომდინარე, რომელიც ეთიკური, სამართლებრივი თუ სოციალური წინააღმდეგობებითაა სავსე, რეგულაციები ქვეყნების მიხედვით განსხვავდება.

2023 წლის მონაცემებით, სუროგაცია სულ რამდენიმე ქვეყანაშია დაშვებული, რომელთაგანაც ერთ-ერთი საქართველოა. 

რომელ ქვეყნებშია სუროგაცია დაშვებული?

  • შეერთებულ შტატებში სუროგაციის შესახებ კანონმდებლობა ფედერალურ დონეზე არ არსებობს და ზოგიერთ შტატში კომერციული სუროგაცია დაშვებულია.
     
  • საბერძნეთი: სუროგაცია ლეგალურია დაქორწინებული ჰეტეროსექსუალური წყვილებისთვის და მარტოხელა ქალებისთვის, მაგრამ არა ერთნაირსქესიანი წყვილებისთვის ან მარტოხელა მამაკაცებისთვის.
     
  • გაერთიანებული სამეფო: სუროგაცია ლეგალურია, მაგრამ მკაცრად რეგულირდება. ნებადართულია მხოლოდ ალტრუისტული სუროგაცია.
     
  • ინდოეთი: კომერციული სუროგაცია ლეგალური იყო, მაგრამ ინდოეთის მთავრობამ კომერციული სუროგაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 2015 წელს აკრძალა. ალტრუისტული სუროგაცია კვლავ ნებადართულია ინდოეთის მოქალაქეებისთვის.
     
  • ტაილანდი: კომერციული სუროგაცია ლეგალური იყო, მაგრამ 2015 წელს ტაილანდის მთავრობამ შემოიღო მკაცრი რეგულაციები და აკრძალა კომერციული სუროგაცია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის. ალტრუისტული სუროგაცია კვლავ დაშვებულია.
     
  • კანადა: სუროგაცია ნებადართულია ალტრუისტულ საფუძველზე.
     
  • უკრაინა: კომერციული სუროგაცია ლეგალური და რეგულირებულია. უკრაინა რუსეთის შეჭრამდე საერთაშორისო სუროგაციის ცენტრი იყო, რომელშიც ყოველწლიურად ათასობით ბავშვი იყო ჩართული. Reuters-ის ინფორმაციით, ომის დაწყების შემდეგ უცხოელი წყვილები ბავშვების წასაყვანად ჩავიდნენ, თუმცა ბევრმა ვერ შეძლო და ბავშვები კლინიკაში დარჩნენ, სადაც მათ ექთნები უვლიდნენ. 

სუროგაცია აკრძალულია კანადაში, დანიაში, ახალ ზელანდიაში, ბრაზილიაში, ბრიტანეთში და ავსტრალიაში, მაგრამ ყველა მათგანი ალტრუისტული სუროგაციის ზოგიერთ ფორმას უშვებს.

ამასთანავე, სუროგაცია გერმანიაშიც აკრძალულია და მეტიც, სისხლის სამართლის დანაშაულია იმ ექიმებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებისთვის, რომლებიც რაიმე სახით დახმარების გაწევას შეეცდებიან. სუროგაციას კრძალავენ საფრანგეთშიც.

რატომ კრძალავენ სუროგაციას?

სუროგაცია პირველად ამერიკის შეერთებულ შტატებში, 1976 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ამ პრაქტიკის გამოყენება დაუსრულებელი დებატის საგნად იქცა. მას სხვადასხვა პერსპექტივიდან განიხილავენ. მაგალითისთვის, ბავშვთა უფლებები, სუროგატი დედის უფლებები, პოტენციური მშობლების უფლებები და სხვ.

სუროგაციის მოწინააღმდეგე ჯგუფში შემავალი ქვეყნები თვლიან, რომ სუროგაცია ბავშვისა და სუროგატი დედის ღირსებას არღვევს და მათ რიგითი კონტრაქტების ობიექტად აქცევს. ისინი ასევე თვლიან, რომ კერძო შეთანხმების საგანი ადამიანის სხეული არ უნდა გახდეს. 

ამასთან გასათვალისწინებელია ისიც, რომ კომერციული და არაკომერციული, იგივე ალტრუისტული სუროგაციის მიმართ დამოკიდებულება არაერთგვაროვანია. სუროგაციის ამ ორ სახეს შორის არსებითი განსხვავება სუროგატი დედისთვის სუროგაციული მომსახურების სანაცვლოდ ანაზღაურების გადახდის საკითხშია. ზოგადად, სუროგაციის საწინააღმდეგო ძირითადი ეთიკური არგუმენტი იმ შეხედულებას ეფუძნება, რომ სუროგაცია ამორალურია, ამასთან ერთად არღვევს ადამიანის ღირსებას და ახდენს არამარტო სუროგატი დედის ექსპლუატაციას, არამედ სუროგატი დედისა და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვების კომოდიფიკაციას.

რელიგიური ორგანიზაციების უმრავლესობა სუროგაციის, განსაკუთრებით მისი კომერციული ასპექტის, წინააღმდეგია, ვინაიდან ისინი სუროგაციას აღიქვამენ როგორც ამორალურს, ქორწინების ერთიანობისა და გამრავლების, ღირსების საწინააღმდეგოს და, შესაბამისად, კანონით მის აკრძალვას ითხოვენ. 

კომერციული სუროგაციის მოწინააღმდეგეთა ძირითადი არგუმენტები ქალთა ექსპლუატაციისა და ბავშვების კომოდიფიკაციაზე ემყარება მოსაზრებას, რომ კომერციული სუროგაცია ახდენს ქალთა ექსპლუატაციასა და ბავშვების კომოდიფიკაციას, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში სუროგატ დედას ეძლევა კომპენსაცია იმის სანაცვლოდ, რომ უარი თქვას დედობაზე ბავშვის მიმართ, რომელიც მან მუცლით ატარა. შესაბამისად, მიაჩნიათ, რომ სუროგაციით ირღვევა ბავშვისა და სუროგატი დედის ადამიანური ღირსება, ვინაიდან ამ პროცესში ისინი აღიქმებიან როგორც კომერციული შეთანხმების ობიექტები. კერძო ხელშეკრულების საგანი კი არ შეიძლება გახდეს არც ადამიანის სხეული - სუროგაციისას სუროგატი დედისა და ახალშობილი ბავშვის სხეული და არც პირთა სამოქალაქო სტატუსი. 

ევროპის და აზიის ქვეყნების უმრავლესობაში სუროგაციის პროცესში მონაწილეობა სისხლის სამართლებრივი წესით ისჯება. ამ ქვეყნებში ჯარიმა ან პატიმრობა შეიძლება დაეკისროთ როგორც პოტენციურ მშობლებსა და სუროგატ დედას, ასევე სამედიცინო პერსონალსა და შუამავალ კომპანიებს. ზოგიერთ ქვეყანაში ალტრუისტული სუროგაცია დაშვებულია, თუმცა კომერციული სუროგაცია მკაცრად კონტროლდება. 

სუროგაცია საქართველოში

საქართველოში სუროგაცია ლეგალური 1997 წელს გახდა. სუროგაცია რამდენიმე ნორმატიული აქტისა და ბრძანების საშუალებით რეგულირდება, თუმცა ის სხვადასხვა კანონშია გაბნეული.

საქართველო სუროგაციისთვის პოპულარული ადგილია, რასაც სუროგაციის ფასი განაპირობებს. ზოგადად, სუროგაციის ფასი არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რადგან ის საკმაოდ ძვირია. თუმცა საქართველოში სუროგაციის ფასი ევროპის სხვა ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით ყველაზე დაბალია. პროცედურასთან დაკავშირებული ხარჯების სიმცირე, განსაკუთრებით, უცხოელ უშვილო წყვილებს იზიდავთ, მაგრამ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ქვეყანაში სუროგაცია მხოლოდ [საქართველოს] მოქალაქეებისთვის უნდა იყოს დაშვებული. 

"ვისაც სურს, იყოს დონორი ან სუროგატი, უანგაროდ უნდა მოქმედებდეს". - ამბობს ჯანდაცვის მინისტრი. რეალურად, მიუხედავად საქართველოში არსებული დაბალი ფასისა, ქართველი ქალებისთვის ამ ნაბიჯის გადადგმის მთავარი მოტივატორი სწორედ ანაზღაურებაა. 

შეერთებულ შტატებში სუროგაციის ხარჯები $100 000-იდან $150 000-მდე მერყეობს. ეს თანხა სამედიცინო ხარჯებს, იურიდიულ საფასურს, სააგენტოს მოსაკრებელსა და სუროგატის კომპენსაციას მოიცავს. უკრაინაში მთლიანი ღირებულება, სამედიცინო ხარჯების, სააგენტოს მოსაკრებლებისა და სუროგატის კომპენსაციის ჩათვლით, $40 000-იდან $60 000-მდეა, საქართველოში სუროგაციის საფასური კი, დაახლოებით, $19 000 - $25 000-მდე მერყეობს, რაც ინდოეთისა და ირანის შემდეგ  ყველაზე დაბალი ფასია.  

საქართველოში რამდენიმე ცენტრი არსებობს, რომლებიც, როგორც პრემიერი იტყოდა, "სარფიან ბიზნესს" აწარმოებენ. ჯანდაცვის მინისტრის თქმით კი, ეს ცენტრები აქამდე ყველანაირი რეგულაციისა და კონტროლის გარეშე ფუნქციონირებდა და ის არ გამორიცხავს, რომ მალე ეს ცენტრები დახურონ. 

იმის მიუხედავად, რომ სუროგაციასთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემები საჯარო არაა, რთული მისახვედრი არაა, რომ კომერციული სუროგაციის აკრძალვა საგრძნობლად შეამცირებს საქართველოში სუროგაციის შემთხვევებს. 

კომენტარები