სუროგაცია

ხოშტარია წულუკიანის ბრძანებაზე: ოცნებისგან შეიძლება ბევრს ელოდო, ეს მართლაც დაუჯერებელია

"მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნებისგან შეიძლება ბევრის მოლოდინი გქონდეს, ეს მართლაც დაუჯერებელი ინიციატივაა". – ასე ეხმაურება ევროპული საქართველოს წევრი, ოპოზიციის საერთო კანდიდატი ვაკის მაჟორიტარულ ოლქში, ელენე ხოშტარია, იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის ბრძანებას, რომლის მიხედვითაც წყვილს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ მინიმუმ 1 წლის განმავლობაში ქორწინებაშია ან ერთად ცხოვრობს.

ხოშტარიას შეფასებით, ეს არაკონსტიტუციური და "არაადამიანური" ცვლილებაა, რომელიც სწრაფადვე უნდა გაუქმდეს. მისივე თქმით, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ადამიანების პირად ცხოვრებაში.

"წარმოუდგენელია ეს თავისი სამართლებრივი შინაარსით და არის არაკონსტიტუციური და არაადამიანური ინიციატივა. წულუკიანმა გადაწყვიტა, რომ ადამიანების პირად ცხოვრებაში ჩაერიოს და განუსაზღვროს ვის როდის მოუნდება ბავშვის გაჩენა, ამრიგად, სასწრაფოდ, სანამ ამ ინიციატივას რაიმე მოჰყვება, სასწრაფოდ უნდა გაუქმდეს". – ამბობს ელენე ხოშტარია.

გუშინ, 26 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შედის. დღეს, იუსტიციის სამინისტრომ განმარტა აღნიშნული ცვლილება, რომელიც თეა წულუკიანის ბრძანებაში შევიდა და რომლის მიხედვითაც, წყვილი სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას, სულ მცირე, 1-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს. განმარტება ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები