სუროგაცია

მეუფე ნიკოლოზი: ერთი ხელოვნური განაყოფიერება რამდენიმე ბავშვის სიცოცხლის ფასად ხდება

რუსთავი2

კუმურდოს, ახალქალაქისა და კარის მიტროპოლიტი, ნიკოლოზ ფაჩუაშვილი, ამბობს, რომ ხელოვნურად განაყოფიერებული ერთი ბავშვის გამო რამდენიმე ბავშვი კვდება.

ჟურნალისტებმა მას თეა წულუკიანის ბრძანების შესახებ ჰკითხეს, რომლის მიხედვითაც წყვილს ექსტრაკორპორალური განაყოფიერებით სარგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ, მინიმუმ, ერთ წლის განმავლობაში ქორწინებაშია ან ერთად ცხოვრობს.

"ერთი ბავშვის დაბადებას რამდენიმე ბავშვი ემსხვერპლება ხოლმე და როგორ იქნება ბავშვი ბედნიერი? ერთი ხელოვნურად განაყოფიერებული ბავშვი არის რამდენიმე სხვა ბავშვის სიცოცხლის ფასად. კი არ ვეწინააღმდეგები, გეუბნებით, რაც არის. როდესაც ხელოვნური განაყოფიერება ხდება, ერთდროულად ნაყოფიერდება რამდენიმე კვერცხუჯრედი, ეს იმას ნიშნავს, რომ უკვე დაბადებულია ბავშვი, ჩასახულია, სული მინიჭებული აქვს და მერე ის რამდენიმე სიკვდილი ერთის გადასარჩენად, ახლა ვისაც როგორ უნდა ისე გააკეთოს..." - თქვა მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა.

26 აგვისტოს, ცნობილი გახდა, რომ იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის ბრძანებით, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესში ცვლილებები შედის. 27 აგვისტოს, იუსტიციის სამინისტრომ განმარტა აღნიშნული ცვლილება, რომელიც თეა წულუკიანის ბრძანებაში შევიდა და რომლის მიხედვითაც, წყვილი სუროგაციის გზით ბავშვის გაჩენას, სულ მცირე, ერთწლიანი თანაცხოვრების შემდეგ შეძლებს. განმარტება ვრცლად წაიკითხეთ აქ.

კომენტარები