ბელარუსი

მარია კოლესნიკოვა, რომელიც გატაცებულად ითვლებოდა, ბელარუსის საზღვრის კვეთისას დააკავეს

მარია კოლესნიკოვა
TACC

8 სექტემბერს ბელარუსის საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა, მარია კოლსენიკოვამ, ანტონ როდნენკოვმა და ივან კრავცოვმა უკრაინასთან ბელარუსის საზღვარი გადაკვეთეს.  რუსულ მედიას TACC-ს ინფორმაცია სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა დაუდასტურა.

ბელარუსის სამთავრობო მედიის Belta-ს ინფორმაციით, ოპოზიციონერები ცდილობდნენ "უკანონოდ" დაეტოვებინათ ბელარუსის ტერიტორია. მარია კოლესნიკოვა დააკავეს. ანტონ როდნენკო და ივან კრავცოვი ამჟამად უკრაინაში არიან.

Belta-ს ტელეგრამ არხზე გამოქვეყნდა ვიდეო, რომელშიც ივან კრავცოვი აცხადებს, რომ მიიღო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება.

ოპოზიციონერებთან დაახლოებულმა წყარომ სააგენტო Интерфакс-ს შეატყობინა, რომ კოლესნიკოვა, როდნენკოვი და კრავცოვი არ აპირებდნენ ბელარუსის დატოვებას. მათი ინფორმაციით, ბელარუსის სპეცსამსახურებს შეეძლოთ უკრაინის საზღვართან მიეყვანათ ოპოზიციონერები და და ეიძულებინათ ქვეყნის დატოვება. სააგენტოს წყარომ დაადასტურა, რომ კოლესნიკოვა საზღვრის კვეთის დროს დააკავეს.

კიდევ ერთი ანონიმური პროსამთავრობო ტელეგრამ არხი, Желтые сливы, ამტკიცებს, რომ საკოორდინაციო საბჭოს წევრი ოპოზიციონერები ცდილობდნენ, ავტომობილით "გაერღვიათ" საზღვარი და კინაღამ მესაზღვრე გაიტანეს, რის შემდეგაც კოლესნიკოვა "მანქანიდან გადმოაგდეს". ეს ვერსია დაადასტურა ბელარუსის სახელმწიფო სასაზღვრო კომიტეტმა.

მარია კოლესნიკოვასთან, ანტონ როდნენკოვთან და ივან კრავცოვთან კავშირი 7 სექტემბრის დილიდან შეწყდა. თვითმხილველთა ცნობით, სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული და ნიღბიანი კოლესნიკოვასთან ადამიანები მივიდნენ, რის შემდეგაც კოლესნიკოვა ძალის გამოყენებით აიყვანეს მიკროავტობუსში, რომელსაც "Связь" ეწერა. მიკროვატობუსი გაურკვეველი მიმართულებით გაუჩინარდა.

კოლესნიკოვას ოჯახმა მისი გაუჩინარების შესახებ ბელარუსის პოლიციას შეატყობინა, რის შემდეგაც პოლიციამ ოპოზიციონერის ძებნა დაიწყო.

ივლისში მარია კოლესნიკოვა სვეტლანა ტიხანოვსკაიასთან და ვერონიკა ცეპკალოსთან ერთად ბელარუსის ოპოზიციის სამი ლიდერიდან ერთ-ერთი გახდა. ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ტიხანოვსკაია და ცეპკალო იძულებულები გახდნენ ბელარუსი დაეტოვებინათ.

არჩევნების შემდეგ კოლესნიკოვა ბელარუსში დარჩა და ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს ერთ-ერთი თავჯდომარე გახდა. ბელარუსის ხელისუფლებამ საბჭოს შექმნის ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

სექტემბრის დასაწყისში კოლესნიკოვამ განაცხადა, რომ ვიკტორ ბაბარიკოს შტაბი გეგმავდა ახალი ოპოზიციური პარტიის შექმნას. საპრეზიდენტო არჩევნებამდე, ვიკტორ ბაბარიკო ერთერთ საპრეზიდენტო კანდიდატურად განიხილებოდა, თუმცა ის დააპატიმრეს და არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს. ტიხანოვსკაიას შტაბთან გაერთიანებამდე მარია კოლესნიკოვა ვიქტორ ბაბარიკოს შტაბს ხელმძღვანელობდა.

კომენტარები