კორონავირუსი ბათუმში

ბათუმში ინფიცირების 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია

turebi.ge

ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების 27 ახალი შემთხვევიდან 16-ის წყარო უცნობია.  

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, რუსუდან შავიშვილის ინფორმაციით, ახალი შემთხვევების ნაწილი უკვე დადასტურებულის ოჯახური კონტაქტებია. 

"ესენი გახლავთ ხოფის ერთი თანამშრომელი, სავაჭრო ცენტრის, სამშობიარო სახლთან დაკავშირებული და ყველა ისინი, რომლებიც იყო გუშინ დაანონსებული." - ამბობს ის. 

ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 122 ინფიცირებული მკურნალობს. 18 ადამიანი, რომლებსაც კორონავირუსის მინიმალური სიმპტომები ჰქონდათ, ექიმის ინფორმაციით, საკარანტინო სივრცეში გადაიყვანეს.  

"ესენი არიან პირები, რომლებიც თავდაპირველად მოხვდნენ კოვიდ კლინიკაში. თუ დაავადების დაწყებიდან არა უადრეს მე-8 დღისა მათ არ აღენიშნებათ არანაირი სიმპტომი, ისინი იქნებიან გადაყვანილი საკარანტინო სივრცეში. მე-12 დღეს ჩაუტარდებათ PCR ტესტირება და თუ განმეორებითი ტესტირებაც იქნება უარყოფითი, ისინი გადავლენ თვითიზოლაციაში." - ამბობს შავიშვილი. 

ქვეყანაში ბოლო 24 საათში დადასტურებული 57 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს COVID-19-ისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები