კორონავირუსი საქართველოში

გახარია: ხაზგასმით აღვნიშნავ, შეზღუდვა საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას არანაირად არ ეხება

"ხაზგასმით უნდა აღვნიშნო, რომ შეზღუდვა არანაირად არ ეხება საარჩევნო აგიტაციას და კამპანიას, რამეთუ ეს ღონისძიებები ვერანაირად ვერ შეუშლის ხელს საარჩევნო აგიტაციას და საარჩევნო კამპანიის ჩატარებას." - თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ კორონავირუსის გამო დაწესებულ შეზღუდვებზე. 

დღეიდან, 10 სექტემბრიდან, საქართველოში 200 ადამიანზე მეტის შეკრება ღია სივრცეშიც აიკრძალა. ასევე, აიკრძალა ღია სივრცეში იუბილეები, ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო ღონისძიებები.

"სამწუხაროდ, გვესმის, რომ ამას გარკვეული დისკომფორტი და, შესაძლებელია, გაღიზიანებაც მოჰყვეს ჩვენი მოქალაქეების, მაგრამ საგულისხმო მაგალითია ერთ-ერთი ქორწილი, რომელიც ჩატარდა თბილისში, არ დავასახლებ, რომელ რესტორანში. ფაქტობრივად ხუთი დამატებითი კლასტერი შეგვიქმნა. ერთი ცაგერში, მზარდი კლასტერი, ერთი ქუთაისში, ერთი ზუგდიდში და ა.შ. ამ წერტილებში ინფიცირების ზრდას ველოდებით და ამის ძირითადი გამავრცელებელი ღონისძიება, სამწუხაროდ, იყო ქორწილი. 

ჩვენ გავხდით იძულებული, რომ მსგავსი რიტუალური ღონისძიებების აკრძალვისთვის დაგვემატებინა დადგენილებაში - 10 ადამიანზე მეტი. ეს მიმართულია იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობა". - ამბობს გახარია.

ქვეყანაში ბოლო 24 დადასტურებული 57 ახალი შემთხვევა რეკორდული მაჩვენებელია. 10 სექტემბერს COVID-19-ისგან კიდევ 9 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

სულ ქვეყანაში გამოვლენილია ახალი კორონავირუსის 1 830 შემთხვევა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 1 334 პაციენტი და გარდაიცვალა – 19.

კომენტარები