ტაივანი-ჩინეთი

ტაივანში აშშ-ს წარმომადგენლის ვიზიტის დროს, ჩინეთი სრუტეში სამხედრო წვრთნებს ატარებს

0 კომენტარი
ფოტო: Reuters

ტაივანში აშშ-ს წარმომადგენლის ვიზიტის პარალელურად, ჩინეთი ტაივანის სრუტესთან სამხედრო წვრთნებს მართავს, რათა "დაიცვას საკუთარი სუვერენიტეტი".

კუნძულთან ჩინეთის თვრამეტმა თვითმფრინავმა გაიფრინა და ტაივანის სრუტეში შუა ხაზი გადაკვეთა. 

აშშ-ს ჯანმრთელობის მდივნის ვიზიტის შემდეგ, აშშ-მ ტაივანში კიდევ ერთ მაღალი რანგის ოფიციალური პირი, აშშ-ს ეკონომიკური საკითხების მინისტრის მოადგილე კიტ კრაჩი გაგზავნა. კეიტ კრაჩის ვიზტზე პეკინმა განაცხადა, რომ ჩინეთი ამას "საკადრის პასუხს" გასცემს. 

ჩინეთი გასულ კვირაშიც ატარებდა საჰაერო და საზღვაო ფართომასშტაბიან სამხედრო წვრთნებს. 

"18 სექტემბერს ორმა H-6 ტიპის გამანადგურებელმა, რვა J-16 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა, ოთხმა J-10 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა და კიდევ ოთხმა J-11 ტიპის საბრძოლო თვითმფრინავმა გადაკვეთა ტაივანის სრუტის შუა ხაზი და შემოიჭრა ტაივანის სამხრეთ-დასავლეთით საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში". – აცხადებს ტაივანის თავდაცვის სამინისტრო

მონიტორიგნის მიზნით, საბრძოლო თვითმფრინავები ტაივანმაც გააგზავნა. 

წვრთნებზე ჩინეთის მხარემ განაცხადა, რომ ეს "გონივრული და საჭირო ქმედებაა", რაც ეროვნული სუვერენიტეტის და ტერიტორიის მთლიანობის დაცვას ემსახურება. 

ჩინეთში კიდევ ერთხელ განაცხადეს, რომ ტაივანი მათი შიდა საქმეა. ამავდროულად, ჩინეთის მხრემ ტაივანის მმართველი დემოკრატიულ-პროგრესული პარტია დაადანაშაულა აშშ-სთან "შეთქმულების გაღრმავებაში".

"ისინი, ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვებიან". –განაცხადა ჩინეთის თავდაცვის სამინისტროს სპიკერმა, ჟენ კუოციანგმა, .

აღსანიშნავი, რომ გასულ თვეს აღმოსავლეთ აზიის საკითხებში აშშ-ს მაღალი რანგის დიპლომატმა, დევიდ სტილველმა, განაცხადა, რომ ვაშინგტონი ტაივანთან ურთიერთობებს წახალისებას აპირებს ახალი ორმხრივი ეკონომიკური დიალოგის დაფუძნებით. მისივე თქმით, ამ საქმეს კრაჩი გაუძღვება.

ამავდროულად, Reuters ავრცელებს ინფორმაციას, რომ აშშ ტაივანისთვის სამხედრო შეიარაღების მორიგი პარტიის მიწოდებას გეგმავს.

ბოლო პერიოდში ტაივანსა და აშშ-ში განახლდა დებატები აშშ-ტაივანის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების სავარუდო, სამომავლო გაფორმებაზე. უცნობია, კრაჩის ვიზიტი ამ საკითხს უკავშირდება თუ არა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეს ტაივანს აშშ-ს ჯანმრთელობის მდივანი, ალექს აზარი ეწვია. აზარი უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირია, რომელიც 1979 წლის შემდეგ ტაივანს ეწვია. 1979 წელს აშშ-მ ტაივანთან ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან დაამყარა. ჩინეთი ტაივანს თავის ნაწილად მიიჩნევს და თვლის, რომ ერთ დღეს მას ნებით თუ ძალით შეიერთებს.

აღსანიშნავია, რომ აზარის ვიზიტის დროს ჩინეთის საბრძოლო თვითმფრინავებმა ტაივანის სრუტეში შუა ხაზი გადაკვეთეს.

აზარი ტაივანში ეკონომიკური და ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით და ასევე პანდემიასთან ბრძოლაში ტაივანის საერთაშორისო როლის გაზრდისა და მხარდაჭერისთვის ჩავიდა.

ტაივანი მსოფლიოში ახალი კორონავირუსის მართვაში ერთ-ერთი ლიდერია - 24 მილიონიან ტაივანში იანვრიდან ამ დრომდე ახალი კორონავირუსის მხოლოდ 503 შემთხვევა დადასტურდა, 7 ადამიანი გარდაიცვალა და 478 გამოჯანმრთელდა.

ტაივანმა დეკემბრის ბოლოს გააფრთხილა ჯანმო ახალი ვირუსის ჰაერწვეთოვანი გადადების საფრთხის შესახებ. ყოველივე ამის მიუხედავად, ტაივანს ჯანმოში ჩინეთის წნეხის გამო არ იღებენ (ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - როგორ გადაიქცა ჯანმო ჩინეთის დაცვის ორგანიზაციად). აშშ-მ და სხვა თანამოაზრე ქვეყნებმა მაისში ჯანმო-ში მხარი დაუჭირეს აზრს, რომ ის ჯანდაცვის მსოფლიო ასამბლეას უნდა დასწრებოდა, მაგრამ ჯანმო ისევ უარზე იყო.

ტაივანთან სულ 14 ქვეყანას და ვატიკანს აქვთ დამყარებული ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები. აშშ-სა და ტაივანს 1979 წლის შემდეგ ოფიციალური დიპლომატიური ურთიერთობები არა აქვთ, თუმცა იგი ტაივანის უდიდესი მოკავშირე და სამხედრო შეიარაღების ყველაზე დიდი მიმწოდებელია. მარტში ტრამპმა ხელი მოაწერა კანონს, რომლითაც აშშ-ს ტაივანის საერთაშორისო როლისთვის მეტი თანადგომა მოეთხოვება.

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის თანამშრომლების შემდეგ მენეჯერიც დააკავეს

კომენტარები