მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს

UNIAN

სომხეთის განათლების მინისტრი, არაიკ არუთინიანი წერს, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება ჩამოართვეს.

"რამდენიმე წუთის წინ ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეცნიერთა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, ჩამოერთვას საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს საპატიო დოქტორის წოდება". - წერს ის Facebook-ზე.

სააკაშვილისთვის საპატიო დოქტორის წოდების ჩამორთმევის მოწოდებით თავად არუთინიანი გამოვიდა.

არაიკ არუთინიანმა მოთხოვნა გააჟღერა მიხეილ სააკაშვილის სტატუსის საპასუხოდ, სადაც ის წერს, რომ მისი პოზიცია სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება და მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის რესპუბლიკის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს.

"ჩემი პოზიცია სრულიად ცხადია და ის სახელმწიფოს მთლიანობის პრინციპს ეფუძნება, რაც ნიშნავს იმას, რომ მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის სუვერენულ ტერიტორიას წარმოადგენს და ამას ვერაფერი შეცვლის. რა თქმა უნდა, ყველას, ვინც გამოგდებულია ამ ტერიტორიიდან, სახლში დაბრუნების უფლება აქვს და ვინც უკვე ცხოვრობს იქ, მათ აქვთ უფლება, რომ სიმშვიდეში იცხოვრონ და მათი უფლებები დაცული იყოს". - დაწერა სააკაშვილმა.

27 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის რეგიონში შეიარაღებული დაპირისპირება დაიწყო. სომხეთის პრემიერმინისტრის ნიკოლ ფაშინიანის თქმით, აზერბაიჯანმა საჰაერო და საარტილერიო შეტევა დაიწყო. აზერბაიჯანული მხარის განცხადებით, ისინი სომხურ საარტილერიო ცეცხლს პასუხობენ. სომხეთსა და აზერბაიჯანში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა.

სომხეთში აცხადებენ, რომ დაპირისპირების დაწყებიდან დაიღუპა 104 სამხედრო და 23 მშვიდობიანი მოქალაქე. აზერბაიჯანის თქმით, მათ მხარეს დაღუპულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე. ისინი სამხედრო ძალებში მსხვერპლის რაოდენობაზე არაფერს ამბობენ, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ მოკლულია 130 აზერბაიჯანელი სამხედრო.

კომენტარები