ნავალნის მოწამვლა

ნავალნი მოწამვლაზე: მჯერა, პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას

der spiegel

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის განცხადებით, მას სჯერა, რომ მისი მოწამვლის უკან დგას რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. მისივე თქმით, მას არ ეშინია და კამპანიის გასაგრძელებლად რუსეთში დაბრუნდება.

"მე მჯერა, რომ პუტინი ამ დანაშაულის უკან დგას და მომხდარის შესახებ არ მაქვს სხვა ვერსია". - განაცხადა ნავალნიმ გერმანულ მედიასთან საუბრისას. 

იმ მომენტის შესახებ, როდესაც ნერვულმა აგენტმა მასზე ზემოქმედება დაიწყო, ნავალნიმ თქვა: "შენ არ გრძნობ ტკივილს, მაგრამ იცი, რომ მოკვდები".

ალექსეი ნავალნის თქმით, იგი ახლა გამოჯანმრთელების გზას ადგას და სწავლობს, თუ როგორ შეინარჩუნოს წონასწორობა ერთ ფეხზე მდგომმა.

"ჩემი საქმეა, რომ ახლა უშიშარი ვიყო. და მე არ მაქვს შიში! თუკი ხელები მიკანკალებს, ეს მოწამლვის გამოა ასე და არა შიშის. მე პუტინს ჩემი არდაბრუნებით საჩუქარს არ გავუკეთებ".

მან თქვა, რომ თავისი ცნობილი ონლაინ ვიდეოების დადებას თავის არხზე მაშინ გააგრძელებს, როდესაც რუსეთში დაბრუნდება - "არ მინდა, გადასახლებაში მყოფი ოპოზიციის ლიდერი ვიყო".

ნავალნიმ გაიხსენა რამდენიმე დღის წინ ბერლინის საავადმყოფოში მერკელის ვიზიტი  და თქვა, რომ მერკელის ღრმა ცოდნამ რუსეთის შესახებ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა - "ჩემი შთაბეჭდილება ისაა, რომ მერკელს ჩემგან რჩევა არ სჭირდება".

ალექსეი ნავალნის თქმით,  ნებისმიერი სტრატეგია რუსეთის მიმართ უნდა ითვალისწინებდეს სიგიჟის იმ მასშტაბს, რასაც პუტინმა მიაღწია. მისივე თქმით, ის დრო, როდესაც პუტინი ბერლინთან კონფლიქტს არ გარისკავდა, წარსულს ჩაბარდა.

ნავალნი შეუძლოდ გახდა 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე. ის ომსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც რუსმა ექიმებმა მის ორგანიზმში საწამლავის კვალი ვერ იპოვეს, თუმცა ოჯახის, მხარდამჭერებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ძალისხმევით ოპოზიციონერი ბერლინის კლინიკაში გადაიყვანეს. გერმანელმა ექიმებმა, მოგვიანებით კი შვედეთისა და საფრანგეთის ლაბორატორიებმა დაადასტურეს, რომ ნავალნის ორგანიზმში ნოვიჩოკის ტიპის ნერვული აგენტი აღმოჩნდა.

ნავალნის გუნდში ამბობენ, რომ ნერვული აგენტი ნოვიჩოკი, რომლითაც ის მოწამლეს, ქალაქ ტომსკის სასტუმროში, მის ოთახში, წყლის ცარიელ ბოთლზე აღმოაჩინეს.

ალექსეი ნავალნი ბერლინის კლინიკიდან 22 სექტემბერს 32-დღიანი მკურნალობის შემდეგ გაწერეს. ნავალნიმ ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში 24 დღე გაატარა. ის გერმანიაში რეაბილიტაციის კურსის ბოლომდე დარჩება.

გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის თქმით, ნავალნის მოწამვლის საქმე ბადებს "ძალიან სერიოზულ კითხვებს, რომლებზე პასუხის გაცემაც მხოლოდ რუსეთის მთავრობას შეუძლია და მათ ეს უნდა გააკეთონ".

კანცლერის სპიკერმა მიმდინარე თვის დასაწყისში თქვა, რომ მერკელი ნავალნის მოწამვლის გამო Nordstream 2-ის გაზსადენზე სანქციების დაწესებას არ გამორიცხავს.

"კანცლერი იზიარებს საგარეო საქმეთა მინისტრის მიერ გაკეთებულ შენიშვნებს". – თქვა ზაიბერტმა. კანცლერის სპიკერს ჰეიკო მაასის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით სთხოვეს კომენტარის გაკეთება.

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჰეიკო მაასმა განაცხადა, რომ, თუ რუსეთი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის მოწამვლის გამოძიებასთან არ ითანამშრომლებს, გერმანიას მოუწევს, გადახედოს გაზსადენ Nord Stream 2-ის პროექტს.

"იმედი მაქვს, რუსები არ გვაიძულებენ, პოზიცია შევიცვალოთ Nord Stream 2-ის პროექტზე. თუ მომდევნო დღეებში რუსეთი არ დაგვეხმარება იმის გარკვევაში, თუ რა მოხდა, იძულებული ვიქნებით, საპასუხო ზომები ჩვენს მოკავშირეებთან ერთად განვიხილოთ". – თქვა მან.

ალექსეი ნავალნიზე ვრცლად იხილეთ ტაბულას სტატიაში - "უცხო თავისიანთა შორის და თავისიანი უცხოთა შორის - ვინ არის ალექსეი ნავალნი".

კომენტარები