დავითგარეჯის საქმე

ღარიბაშვილი დავითგარეჯაზე: კოლექტიური სააკაშვილები არიან ყველა, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა

0 კომენტარი
ფოტო: საქართველოს მთავრობა

"კოლექტიური სააკაშვილები არიან ყველა, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა". - ამბობს საქართველოს თავდაცვის მინსტრი, ირაკლი ღარიბაშვილი დავითგარეჯის საქმეზე საუბრისას. 

"გარკვეული ფრაგმენტები, გარკვეული საზღვრის მონაკვეთები ამ ბატონებმა, სააკაშვილი დავარქვათ, კოლექტიური სააკაშვილები არიან ყველანი, ვინც ეს ღალატი ჩაიდინა, ან მცდელობა ჰქონდა და ჩვენ წავუსწარით ბედზე.  

მათ გარკვეულ მონაკვეთებზე გამოიყენეს 70-იანი წლებში გამოშვებული რუკები, გარკვეულ მონაკვეთზე 80-იან წლებში გამოშვებული რუკები. ერთ კონკრეტულ მაგალითს გეტყვით: ბაბაქიარის მწვერვალი, რომელიც დე ფაქტო ჩვენს სარგებლობაში იყო. მიადგნენ ამ მწვერვალს 2006-2007 წელს და მაშინ უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 38 წლის 200 000-იანი რუკა. წარმოიდგინეთ, ახლა რა ხდება. გამოიყენეს და ამ მონაკვეთში ამ რუკის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობის ქვეშ მოექცა აღნიშნული სტრატეგიული სიმაღლე და გადაეცა აზერბაიჯანს. მოვიდნენ დავითგარეჯთან, ქედზე გამოატარეს პირდაპირ საზღვარი, არადა, ქედის დაბლა უნდა გაეტარებინათ, დაახლოებით, 500 მეტრში." - ამბობს ღარიბაშვილი იმედისთვის მიცემულ ინტერვიუში. 

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

8 ოქტომბერს საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიებად 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ივერი მელაშვილის ადვოკატმა, ედუარდ მარიკაშვილმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა. ხოლო ნატალია ილიჩოვას ადვოკატი კი აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვს 20 000-ლარიანი გირაოთი.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე: 

ახალი ვიდეო მეტი ვიდეო

პოლიციამ სტუმრების ცემისთვის ბარის დაცვის 2 თანამშრომელი დააკავა (ვიდეო)

კომენტარები