არჩევნები 2020

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ევროპული საქართველო მსვლელობას აუქმებს 

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გამო ევროპული საქართველო 17 ოქტომბერს რესპუბლიკის მოედნიდან ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრისაკენ დაგეგმილ მსვლელობას აუქმებს. ინფორმაციას პარტია ავრცელებს.

მსვლელობა 12 ოქტომბერს დაანონსდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 887 ახალი შემთხვევა დადასტურდა, აქედან 342 აჭარაში გამოვლინდა, 277 თბილისში და 198 – იმერეთში. ერთ დღეში გარდაიცვალა 11 პაციენტი. აქედან 5 თბილისში, 3 ბათუმში, 2 იმერეთში და 1 – გორში.

16 ოქტომბრის მონაცემებით, ქვეყანაში ჯამში COVID-19-ის 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 7 613 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 124 კი გარდაიცვალა.

ბოლო პერიოდში ქვეყანაში ახალი კორონავირუსის შემთხვევების გამოვლენა მკვეთრად გაიზარდა. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, აკრძალულია 200 ადამიანზე მეტის შეკრება, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეებში. აკრძალულია ქორწილებისა და ქელეხების გადახდაც. ასევე, აჭარაში, თბილისსა და იმერეთში რესტორნები და გასართობი დაწესებულებები მხოლოდ 22:00-მდე მუშაობენ.

კომენტარები