კორონავირუსი საქართველოში

ცერცვაძე: ორი არჩევანი გვაქვს, ლოქდაუნი ან გაზრდილი ინფიცირების მართვა, მეორე ავირჩიეთ

მზია საგანელიძე / რადიო თავისუფლება

"ვდგავართ ორი არჩევანის წინაშე - შემოვიღოთ ხელმეორედ ლოქდაუნი, მკაცრი შეზღუდვები და აკრძალვები თუ ვმართოთ ეს გაზრდილი რაოდენობა". – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე თქვა.

თენგიზ ცერცვაძის შეფასებით, პირველ შემთხვევაში მართვა იქნება შედარებით იოლი, შედეგი იქნება უფრო მალე, მაგრამ უდიდესი დისკომფორტი მიადგება მოსახლეობას და დიდი რეცესიის წინაშე დადგება ეკონომიკა. მისი თქმით, მეორე შემთხვევაში, "მოსახლეობა პრაქტიკულად ვერ იგრძნობს დისკომფორტს, ეკონომიკა შეიძლება 100%-ით არა, მაგრამ მაინც განვითარდება", მაგრამ ძალიან დიდი დატვირთვა მოვა სახელმწიფო სტრუქტურებსა და ჯანდაცვის სექტორზე.

"უცხოეთის წამყვანი ქვეყნების უმეტესობამ აირჩია პირველი გზა, ისრაელმა აბსოლუტური ლოქდაუნი, ინგლისმა, საფრანგეთმა, აშშ-მ, ესპანეთმა, იტალიამ ნაწილობრივი ლოქდაუნები და შეზღუდვები.

ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება რიგი ფაქტორების გამო, მოსახლეობის განწყობის და ეკონომიკის ხელშეწყობის აუცილებლობის გათვალისწინებით, ასევე, საარჩევნო პერიოდის თავისებურებების გამო, წავიდეთ მეორე გზით. ანუ შეზღუდვები იყოს მინიმალური, მინიმალური რეგულაციები, ის რაც არის და რაც ყველამ იცის, დამატებითი შეზღუდვები და მკაცრი კარანტინი არ იქნეს შემოღებული, მაგრამ ეს შეიცავს მეორე აუცილებლობას - სახელმწიფომ და პირველ რიგში ჯანდაცვის სექტორმა აიღოს თავის თავზე მართვა მკვეთრად გაზრდილი ავადმყოფების ისე, რომ არ წავიდეთ კომპრომისზე ხარისხთან, არ გაუარესდეს პაციენტების მოვლის ხარისხი და გადარჩენის მაჩვენებელი". – თქვა ცერცვაძემ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საგანგებო მდგომარეობა 2020 წლის 21 მარტს გამოცხადდა. მაშინ ინფიცირებულთა მთლიანი რაოდენობა 48 იყო. იმავე დღეს, საქართველოს მთავრობამ საჰაერო მიმოსვლა მთლიანად აკრძალა - ემიგრანტების ჩამოსაყვანად თვეში რამდენიმე სპეცრეისის შესრულების უფლება მხოლოდ აირზენას მიეცა. ჯამში 108 შემთხვევაზე კი, 31 მარტიდან, ქვეყანაში კარანტინი გამოცხადდა - გაჩერდა ტრანსპორტი და ამოქმედდა კომენდანტის საათი.

მხოლოდ ერთ დღეში, 19 ოქტომბერს, საქართველოში კორონავირუსის 1186 შემთხვევა გამოვლინდა, 18 ოქტომბერს - 1192. ჯამში, ქვეყანაში Covid19-ის 10 325 აქტიური შემთხვევაა. ამის მიუხედავად, საქართველოს პრემიერმინისტრი ვითარებას უსაფუძვლო პანიკას უწოდებს და ამბობს, რომ არც ჩაკეტვის აუცილებლობა დგას.

"დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება პირბადეა, რომელიც 90%-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, ჩვენ მსგავს ლოკდაუნს უკვე აღარ გამოვაცხადებთ, ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა უბრალოდ ამას ვერ გაუძლებს". – თქვა გახარიამ.

საყურადღებოა, რომ ბოლო კვირაში, საქართველოში ერთ დღეში გარდაცვლილთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე უფრო მეტია, ვიდრე აშშ-ში, იტალიაში, საფრანგეთში, ესპანეთში, თურქეთში. რაც შეეხება ინფიცირების მაჩვენებელს, საქართველოში მილიონ მოსახლეზე უფრო მეტი ინფიცირების შემთხვევა დადასტურდა, ვიდრე აშშ-ში, ინდოეთში, ბრაზილიაში, რუსეთში, არგენტინაში, კოლუმბიაში, პერუში, იტალიაში, მექსიკაში, გერმანიაში, დიდ ბრიტანეთში, თურქეთში.

კომენტარები