არჩევნები 2020

დეკანოიძე: პოლიციამ კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის მუხლით დაგვაჯარიმა

ენმ-ის ლიდერის, ხატია დეკანოიძის თქმით, პოლიციამ ის და მასთან ერთად მყოფი პირები კარანტინისა და თვითიზოლაციის წესების დარღვევის მუხლით დააჯარიმა.

"გვაჯარიმებენ, მუხლს უთითებენ, სადაც არის კარანტინისა და თვითიზოლაციის წესები. მე, არც კოვიდი მაქვს, არც შემხებლობა მქონია და მეუბნებიან, რომ კარანტინისა და იზოლაციის მუხლი დავარღვიე. მიზღუდავენ გადაადგილების უფლებას, მე ვუწევ წინააღმდეგობას და ვეუბნები გადამიყვანონ განყოფილებაში". – ამბობს დეკანოიძე. 

შეზღუდვების პერიოდში (22:00-05:00) საპროტესტო აქციის მონაწილეების სანქცირებასთან დაკავშირებით დღეს განცხადება გააკეთა სახალხო დამცველმა. აპარატის განცხადებაში აღნიშნულია, რომ "საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ" საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა, შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება. შესაბამისად, მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციისა და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება.

ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები (GDI, ISFED, HRC, TI) საქართველოს მთავრობის დადგენილებით კომენდანტის საათის დაწესებას არაკონსტიტუციურს უწოდებენ.

ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქტივისტები შეზღუდვებს დაუმორჩილებლობას უცხადებენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, პარლამენტთან აქციაზე ოთხი პირი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173 მუხლებით დააკავეს.

კომენტარები