თბილისის მერია

კალაძე: მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება ხდება – დავამთავროთ ეს უმსგავსობა

თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელ ლევან ჯღარკავას დაავალა, მუნიციპალურ და სახელმწიფო მიწებზე უკანონოდ აშენებულ შენობებთან დაკავშირებით "დღეიდან დაიწყონ ქმედებები."  

"დედაქალაქში უკვე ძალიან ბევრი შემთხვევაა, სადაც ხდება უკანონოდ მუნიციპალური და სახელმწიფო მიწების დატაცება, რაც კატეგორიულად მიუღებელია. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ. ამან უკვე მიიღო სისტემატური ხასიათი და ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ასეთი.

მე მინდა, დავავალო მუნიციპალური ინსპექციის ხელმძღვანელს, ბატონ ლევან ჯღარკავას, დღეიდანვე დაიწყოთ ქმედებები. მე ვიცი, რომ რამდენიმე კონკრეტულ ლოკაციაზე თქვენ გაფრთხილებებიც გაქვს მიცემული, რომ მათვე მოახდინონ პატარა შენობა-ნაგებობების დემონტაჟი, რომლებსაც აშენებენ. თუ ეს არ განხორციელდება, შეგიძლიათ, მიხვიდეთ და თქვენვე გაუკეთოთ დემონტაჟი. კატეგორიულად მიუღებელია, ეს უკანონო სახელმწიფო და მუნიციპალური საკუთრება, ქონება არც ჩემია, არც თქვენი. ეს არის სახელმწიფოსი და არავის არ უნდა მივცეთ უფლება და შესაძლებლობა, ეს ყველაფერი მიიტაცოს. იმ ადამიანებს რა პასუხს ვცემთ, ვინც კეთილსინდისიერად იქცევა და კანონს ემორჩილება? შესაბამისად, ეს დამოკიდებულება კატეგორიულად მიუღებელია. დღესვე დაიწყეთ ქმედება. შეგიძლიათ, დაიხმაროთ შსს, მე მქონდა მინისტრთან კონსულტაციები და ყველანაირად გექნებათ თანადგომა და მხარდაჭერა, რომ ეს უმსგავსობა დავამთავროთ ქალაქში". – თქვა კალაძემ სხდომაზე.

კომენტარები