დავითგარეჯის საქმე

214 თავდების მიუხედავად, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვეს

214 თავდების მიუხედავად, სასამართლომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული თავმჯდომარე და წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში დატოვა.

"აღკვეთის ღონისძიება არ შეიცვალა, დარჩა პატიმრობა ძალაში. 48 საათი გვაქვს იმისთვის, რომ გავასაჩივროთ აღნიშნული განჩინება. სასამართლომ ძალიან მოკლე განმარტება გააკეთა, რომ თითქოს, ახალი არაფერი წარმოგვიდგენია დაცვის მხარეს, რაც არის სიცრუე. ან ჩვენ არ გვისმენდა, ან თვითონ შეგნებულად ტყუის სასამართლო ამ შემთხვევაში. მეორე არგუმენტი იყო, რომ თურმე, ბრალდებულებს ადრე გადაუმალავთ ან გაუნადგურებიათ რაიმე მტკიცებულება, რაც ასევე არის წარმოუდგენელი სიცრუე". – თქვა პროცესის შემდეგ ადვოკატმა გიორგი მახარაძემ. 

ივერი მელაშვილის უფლებადამცველის, ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სასამართლოს მიერ განსხვავებული გადაწყვეტილების მიღებას დიდი გამბედაობა სჭირდება, რაც სისტემისთვის უცხოა. 

"ამ საქმის სპეციფიკიდან, მისი კონტექსტიდან გამომდინარე, განსხვავებულ გადაწყვეტილებას, რაც დღეს მიიღო სასამართლომ – დატოვა ადამიანები პატიმრობაში, სჭირდებოდა ძალიან დიდი გამბედაობა და მოსამართლეს ეს გამბედაობა არ აღმოაჩნდა. ეს გამბედაობა ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის არის ძალიან უცხო". – თქვა ედუარდ მარიკაშვილმა.

დღეს, 30 ნოემბერს საქალაქო სასმართლოში მელაშვილისა და ილიჩოვას აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვის სასამართლო სხდომა გაიმართა. პროცესის პარალელურად სასმართლოს შენობასთან სამოქალაქო აქტივისტებისა და ოპოზიციური პარტიების მიერ ორგანიზებული მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობდა.

27 ნოემბერს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობასთან ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას მხარდამჭერი აქცია გაიმართა. მხარდამჭერების თქმით, აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან იმიტომ გაიმართა, რომ იქ "მუშაობენ ადამიანები, რომლებიც მრავალწლიანი თანამშრომლობის მიუხედავად, ძალიან სამარცხვინოდ, უბრალოდ არ აწვდიან დაკავებულების ადვოკატებს მასალებს, რომლებიც უდავოდ გამოდგება იმისთვის, რომ დამტკიცდეს მათი უდანაშაულობა".

საპროტესტო აქციების პარალელურად ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის უფლებადამცველები მოქალაქეებს მოუწოდებდნენ, სურვილის შემთხვევაში, თავდებად დადგომოდნენ კომისიის დაპატიმრებულ წევრებს. უფლებადამცველების ინფორმაციით, დაკავებულების თავდებში ჩადგომას 214 ადამიანი დასთანხმდა. ასევე, ადვოკატები საქმეზე ბიძინა ივანიშვილისა და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გამოკითხვასაც ითხოვენ. ადვოკატ ედუარდ მარიკაშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში უშუალოდ იყო ჩართული საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესში.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები