დავითგარეჯის საქმე

"ველოდებოდი, კარი გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი" – ნატალია ილიჩოვას წერილი

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის ექსპერტთა კომისიის დაკავებული წევრი, ნატალია ილიჩოვა ციხიდან ღია წერილს ავრცელებს. წერილში ნატალია ილიჩოვა მადლობას უხდის იმ ადამიანებს, ვინც ამხნევებდა და წერს, რომ ივერი მელაშვილისა და მის უდანაშაულობას აუცილებლად დაამტკიცებენ. ღია წერილს ფორმულა ავრცელებს. 

"პირველ რიგში, მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, ვინც გვერდში გვიდგას და გვამხნევებს. უამრავი წერილი მივიღე, სადაც მხარდაჭერას გვიცხადებენ, ეს ჩემთვის ძალიან ფასეულია. ამ მძიმე დღეებში სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ ფეხზე წამოვდექი, ძალა მოვიკრიფე და მზად ვარ, ჩვენი სიმართლისთვის ვიბრძოლო.

არასოდეს დამავიწყდება ის წამი, როდესაც ჩემს უკან რკინის კარი დაიხურა, და მივხვდი, რომ მძიმე წუთები იწყებოდა. ამას შემდეგ ყოველ დღე ველოდებოდი, რომ კარები ისევ გაიღებოდა და მეტყოდნენ, რომ თავისუფალი ვიყავი, ბოდიშს მომიხდიდნენ იმ მძიმე ბრალდების გამო, რითაც ერთ წამში წაშალეს მთელი ჩემი ცხოვრების ის დიდი ნაწილი, რაც ჩემს პროფესიას და სამსახურს შევალიე. ცხოვრების შეგნებულ ნაწილს როდესაც სამსახურში ატარებ, მთელ შენს ცოდნას და გამოცდილებას დებ, იმაზე მეტი ხდება, ვიდრე უბრალოდ სამსახურია. მე საქართველოში დავიბადე და გავიზარდე და ამ ქვეყნის და პროფესიის ღალატი დამწამეს. ჩვენ უდანაშაულოები ვართ და ამას აუცილებლად დავამტკიცებთ". – წერს ნატალია ილიჩოვა.

________________

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის კომისიის ყოფილი უფროსი, ივერი მელაშვილი და წევრი ნატალია ილიჩოვა 7 ოქტომბერს დააკავეს. პროკურატურის ინფორმაციით, მათ ბრალად უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედება ედებათ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ილიჩოვასა და მელაშვილს 10-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

პროკურატურის მტკიცებით, ბრალდებულებმა რუკის ალბომებიდან სახელმწიფო საზღვრის გავლებისას განზრახ გამოიყენეს ისეთი კარტოგრაფიული მასალა, რომელიც ისტორიულად და სამართლებრივად არ ემყარებოდა და არ ასახავდა საქართველოს სახელმწიფოს რეალურ პოზიციას მის კუთვნილ ტერიტორიებთან დაკავშირებით.

პროკურატურა დაკავებულებს ედავება "რელევანტური დოკუმენტაციის იგნორირებას". ლაპარაკია 1937-38 წლების ტოპოგრაფიულ რუკაზე, რომელსაც, პროკურატურის მიხედვით, ბრალდებულები კომისიის წევრებს უმალავდნენ, რათა ის არ გამოეყენებინათ საზღვრების დელიმიტაციის პროცესში.

დაკავებამდე ორი დღით ადრე ივერი მელაშვილი TV ფორმულას ეთერში განმარტავდა, რომ ამ რუკის აზერბაიჯანული მხარისთვის წარდგენა საქართველოს სახელმწიფოს უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენებს. ის ამბობდა, რომ რუკა, რომელზე დაყრდნობითაც საქართველოს პროკურატურამ საქმე ააგო, კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებს.

წაიკითხეთ ამავე თემაზე:

კომენტარები